საეკლესიო კალენდარი: 23 ივნისი

მართლმადიდებელი ეკლესია 23 ივნისს იღუმენია თამარ მარჯანიშვილის, მღვდელმოწამე ტიმოთე - პრუსელი ეპისკოპოსის, წმიდა მოწამეთა: ალექსანდრე და ანტონინა ქალწულის, ღირსი თეოფანე ანტიოქიელის და წმიდა პანსემინას, წმიდა ბასიანე, ლავდიის ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
იღუმენია თამარ მარჯანიშვილი

ცნობილი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის უფროსი და თამარ მარჯანიშვილი 1869 წელს დაიბადა. მან სასულიერო მოღვაწეობა 1899 წელს ბოდბის მონასტერში დაიწყო, თუმცა 1907 წელს რუსეთში გაიწვიეს. 1910-1912 წლებში ღირსმა თამარმა ღვთისმშობლის გამოცხადების შემდეგ სერაფიმო-ზნამენსკის სკიტი ააშენა. 1931 წელს იგი დააპატიმრეს და ბრალად დასდეს 1924 წლის აჯანყების ხელმძღვანელებთან კავშირი, რის გამოც 5 წლით ირკუტსკის ოლქში გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნებულ და დასნეულებულ დედა თამარს სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს და იგი მოსკოვთან ახლოს დასახლდა. დედა თამარმა განსაკუთრებული ასკეტური ღვაწლით გაატარა ცხოვრების უკანასკნელი პერიოდიც და 1936 წელს გარდაიცვალა.

საეკლესიო კალენდარი: 22 ივნისი

მღვდელმოწამე ტიმოთე - პრუსელი ეპისკოპოსი

წმიდა მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი ( დაახლ. 361-363) ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა (361-363) ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება. იმპერატორმა პყრობილს თავისი მოთხოვნა შეახსენა - შეეწყვიტა ქადაგება, მაგრამ ტიმოთე ვერ შეაშინა მუქარამ, რის გამოც წმიდა კეთილმსახურ მღვდელმთავარს თავი მოჰკვეთეს. მოგვიანებით მისი წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული

წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა.  ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებულ ქალწულს  მმართველმა  ფისტემ  შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა ამაზე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ქრისტე. ფისტემ ბრძანა, პატივის ასახდელად მეომრებისთვის მიეცათ ქალწული. ერთ კეთილშობილ მეომარ ალექსანდრეს შეეცოდა ის  და მისი გადარჩენა გადაწყვიტა.. საპყრობილეში შესულმა თავის მეომრული ტანსაცმლით გააპარა ანტონინა. ფისტეს გამოგზავნილ მეომრებს საკანში მხოლოდ ალექსანდრე დახვდათ. ღვთის ნებით, ანტონინაც წარდგა მმართველის წინაშე. მტარვალებმა ქრისტეს ორივე მოწამეს ჯერ ხელები მოკვეთეს, შემდეგ კი ფისით გამურეს და ორმოში აგიზგიზებულ კოცონში ჩააგდეს. წმიდა მოწამენი - ალექსანდრე და ანტონინა 313 წლის 3 მაისს აღესრულნენ.  შინ დაბრუნებული ფისტე  კი დამუნჯდა. შვიდი წლის შემდეგ მას საშინელ ტანჯვაში აღმოხდა სული.

საეკლესიო კალენდარი: 21 ივნისი

ღირსი თეოფანე ანტიოქიელი და წმიდა პანსემინა

ღირსი თეოფანე ანტიოქიელი (+369) წარმართულ ოჯახში აღიზარდა. იგი ადრე დაქორწინდა, მაგრამ სამ წელიწადში გარდაეცვალა მეუღლე. დაქვრივებული თეოფანე ქრისტეს გზას შეუდგა - მოინათლა, განერიდა შფოთითა და ამაოებით აღსავსე ცხოვრებას და ქალაქგარეთ, ვიწრო კელიაში დაემკვიდრა.

ერთხელ თეოფანემ შეიტყო მეძავი ქალის პანსემინას შესახებ, რომელიც თავისი მაცდურობით მრავალს ხვევდა ეშმაკის ბადეში და ძლიერ მოუნდა, ეხსნა მისი სული. წმიდანმა მოხდენილად ჩაიცვა, მამისგან ოქრო გამოითხოვა და მეძავთან წავიდა. მონეტების ბრწყინვალებით თვალმოჭრილ პანსემინას მეტად მიმზიდველად მოეჩვენა სტუმრის წინადადება - ცოლად გამომყევიო და სიხარულით დასთანხმდა. ერთადერთი, რასაც სანაცვლოდ ითხოვდა მისგან თეოფანე, ნათლისღება იყო.

წმიდანმა დაიწყო მეძავის მზადება წმიდა საიდუმლოსთვის, განუმარტავდა მართლმადიდებლური მოძღვრების არსს, უხსნიდა, რომ ღვთის სიწრფოება ვერ გუობს ცოდვასა და გარყვნილებას, შეაგონებდა, ყოვლადსახიერი უფალი მოწყალეაო მონანულთა მიმართ. ნათლობის შემდეგ ქალი სრულიად გამოიცვალა: მთელი ქონება მოწყალებად გასცა, თეოფანეს კელიის გასწვრივ ქოხში დასახლდა და უსაზღვროდ თავშეკავებულ ცხოვრებას, მარხვასა და ლოცვას მიეცა. 22 თვის შემდეგ, სწორედ იმ დღეს, როცა მისი მოძღვარი მიიცვალა (+369), პანსემინამ სული უფალს შეჰვედრა.

საეკლესიო კალენდარი: 20 ივნისი

წმიდა ბასიანე, ლავდიის ეპისკოპოსი

წმიდა ბასიანე  სირაკუზის (სიცილია) ოლქის მმართველის შვილი იყო. მამა მას თავის შემცვლელად ამზადებდა, ამიტომაც განათლების მისაღებად რომში გაგზავნა. ბასიანეს სიყრმეშივე ბევრი სმენოდა ქრისტიანებზე და არ ასვენებდა მათი სწავლებისა და ცხოვრების წესის გაცნობის სურვილი. აქ, რომში მისი ცნობისწადილი დაკმაყოფილდა: ხუცესმა გორდიანმა ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა. ნათლობის საიდუმლოს აღსრულების დროს მან იხილა ემბაზთან მდგომი ანგელოზი, რომელსაც ხელთ სამოსელი ეპყრა ახალნათელღებულის შესამოსად.

რომში ბასიანემ ქონება ღატაკებს დაურიგა, ერთგულ ქრისტიან მონასთან ერთად რავენაში წავიდა და თავის ნათესავთან, ეპისკოპოს ურსთან დაემკვიდრა.

ურსმა ბასიანეს განმარტოებული ადგილი გამოუყო დასაყუდებლად - ქალაქგარეთ, მღვდელმოწამე აპოლონარიუსის სახელობის ტაძართან. წმიდანი სულიერად გასაოცარი სისწრაფით იზრდებოდა. თავისი სასწაულებით მან შორს გაითქვა სახელი.

საეკლესიო კალენდარი: 18 ივნისი

ქალაქ ლიდიის მცხოვრებლებმა ურსს სთხოვეს, ხუცესად ეკურთხებინა ბასიანე. ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ კი საკათედრო ტაძრის მოძღვარ კლიმენტის გამოცხადებით ეუწყა, რომ წმიდანი მღვდელმთავრად უნდა დადგენილიყო. ქირეტონია აღასრულეს ამბროსი მედიოლანელმა და ეპისკოპოსმა ურსმა.

წმიდა მღვდელმთავარი სამწყსოს სიტყვითაც მოძღვრავდა და საქმითაც: მისი ცხოვრება კეთილმსახურებით იყო გაბრწყინებული. ლიდიაში ბასიანემ წმიდა მოციქულთა სახელობის ბრწყინვალე ტაძარი ააგო.

წმიდა მღვდელმთავარი ბასიანე მშვიდობით მიიცვალა 409 წელს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დყრდნობით.