ყვითელი ამბები

„ტრანსპორტი არ ჩანდა...“– დედის დაკრძალვაზე მყოფი „ქართული ხმების“ სოლისტი ხევში გადავარდა

ზურაბ ბაკურაძე რაჭაში დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, სადაც გზა ჩავარდა და მომღერალი ხევში გადავარდა...
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. „ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე გარდაიცვალა. ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერმა“ გაავრცელა.

ტელეკომპანიის ცნობით, უბედური შემთხვევა რაჭაში მოხდა, სადაც მომღერალი დედის დაკრძალვის გამო იყო ჩასული.

ონის მერიის ინფორმაციით, შქმერში გზა ჩავარდა. ზურაბ ბაკურაძე, რომელიც ამ ადგილზე ფეხით გადაადგილდებოდა, ხევში ჩავარდა. მძიმე ტრავმების გამო მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

როგორც ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელმა მაია გობეჯიშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, იმ ადგილზე, სადაც მომღერალი გადაადგილდებოდა, ტრანსპორტისთვის გზა არ არის.

„გზა ჩაუწყდა. ფეხით იყო, ტრანსპორტი იქ არსად ჩანდა. ახლა უნდა გადაასვენონ ონის საავადმყოფოში“, – განაცხადა მაია გობეჯიშვილმა.

ზურა ბაკურაძე რაჭაში დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. დაკრძალვის შემდეგ ის რამდენიმე დღით დარჩა რაჭაში.