თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებების პაკეტი, რომელიც პარტიების სახელმწიფო დაფინანსების ახალ პრინციპს გულისხმობს.
ცვლილებებს მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი 22 იყო.
ცვლილებების თანახმად, პარტია დაკარგავს სახელმწიფო დაფინანსებას, თუ პარტიიდან არჩევნების შედეგად არჩეულ დეპუტატთა ნახევარზე მეტს პარტიული სიის გაუქმების შედეგად სადეპუტატო უფლებამოსილება მოეხსნება.
გარდა ამისა, დაფინანსების დაკარგვის შემდეგ პარტია უფასო საეთერო დროითაც ვეღარ ისარგებლებს.
ასევე დაწესდა სანქციები გამცდენი დეპუტატებისთვის. თუ პარტიის დეპუტატთა ნახევარი არასაპატიო მიზეზით პლენარული სესიის სხდომებს გააცდენს, ამ პარტიას დაფინანსებას შეუჩერებენ.
ცვლილებები 2022 წლის 1 თებერვალს ამოქმედდება. დღეისათვის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს მხოლოდ „ლეიბორისტული პარტია“, რომელსაც არჩევნების შედეგების მიხედვით ერთი მანდატი აქვს. დანარჩენმა დეპუტატებმა პარლამენტში თავიანთი ადგილები დაიკავეს მისი ამუშავებიდან რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ.