ბადრი ესებუა საქართველოშია: რა ინფორმაციას ფლობს მინისტრი გომელაური

სამართალდამცველები ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს განაგრძობენ.
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული ბადრი ესებუა საქართველოშია და მის დასაკავებლად მუშაობა მიმდინარეობს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის განმარტებით, ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარკვეული წყაროებისგან უკვე მიიღო. 

ზუგდიდში კომენდანტის საათს ბადრი ესებუას ფოტოებით ხელში აპროტესტებენ

„მნიშვნელოვანი თემაა და, მით უმეტეს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ესებუას დაკავება ღირსების საკითხია. ვისაც ყველაზე მეტად უნდა მისი დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – აღნიშნა გომელაურმა.

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. შეიარაღებული პირი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ბადრი ესებუა, ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.