საქართველო სოციალურ კოდექსს მიიღებს – რას ითვალისწინებს იგი?

სოციალურ კოდექსზე მუშაობა, რომელშიც ქართველ ექსპერტებთან ერთად უცხოელი სპეციალისტებიც არიან ჩართული, 2023 წელს დასრულდება.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს სოციალური კოდექსის პრეზენტაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართა. 

შეღავათები ვაქცინირებული პირებისთვის – რაზე საუბრობენ ჯანდაცვის უწყებაში

მისი თქმით, სოციალური კოდექსი – ეს არის ევროპული სახელმწიფოების მონაპოვარი და ღირებულება. მას ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ ჩაეყარა საფუძველი გერმანიაში, რის შემდეგაც ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც გავრცელდა.

„ჩვენ კოდექსზე კომპლექსური მუშაობა დავიწყეთ. დღეს გაკეთდა არა მარტო განაცხადი, არამედ დაიწყო კონკრეტული მოქმედებები. ჩვენ ევროკავშირის სახით სანდო პარტნიორი გვყავს, ასევე მუშაობაში აქტიურად ჩაერთვნენ საფრანგეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი. ამ პროცესში ჩაერთვება აგრეთვე პარლამენტი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

სოციალურ კოდექსს ქვეყნის განვითარებაში გარდამტეხი მომენტი უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ. მისი თქმით, პარლამენტი სოციალურ პროექტზე მუშაობის პროცესში პირველივე დღიდან ჩაერთვება.

„ამ ინიციატივისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს. ეს არის ნამდვილად გარდამტეხი მომენტი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და იმ საკითხების გადაწყვეტისთვის, რომელიც ნამდვილად სჭირდება ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა კუჭავამ. 

ოჯახების შეფასებისას სოცაგენტები სამხრე კამერებით აღიჭურვებიან

სოციალური კოდექსით გამყარებული იქნება ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა: დასაქმებისა და სოციალური დახმარების სისტემის გაუმჯობესება, კერძო და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების, მოწყობის და რეგულირების მექანიზმების გაუმჯობესება, მედიკამენტების ხარისხის ხელმისაწვდომობის ზრდა და ა.შ.

მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სოციალური კოდექსის შექმნაზე 28 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში მასშტაბური სოციალური რეფორმა განხორციელდება, რომელიც მოწინავე ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული.

ამ ეტაპზე სპეციალისტები ქართულ და ევროპულ სოციალურ სისტემებს სწავლობენ, რათა საქართველოს სოციალური კოდექსი შეიმუშავონ. სოციალური კოდექსი უნდა გახდეს ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სამართლებრივი გარანტია.