საქართველო ორ კვირაში მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

ქვეყანაში სხვადასხვა დასახელების ვაქცინების ახალი დოზები ივლისიდან შემოვა, საუბარია ჯამში დაახლოებით 3,2 მლნ დოზა ვაქცინაზე.
Sputnik

 

თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. საქართველოში ორ კვირაში კორონავირუსის საწინააღმდეგო მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა და ჩვენ დავიწყებთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

საქართველოში „კომენდანტის საათი“ 1 ივლისიდან გაუქმდება

საქართველო მასობრივი ვაქცინაციისთვის ემზადება, რომელიც ივლისში უნდა დაიწყოს. ჯანდაცვის სამინისტრო პირობას დებს, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინების დიდი არჩევანი ექნებათ. ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში იმ დოზების ხარჯზე, რის მიღებასაც ქვეყანა ელოდება ზაფხულის პერიოდში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში უახლოეს პერიოდში ექვსი კომპანიის ვაქცინა შემოვა. კერძოდ, ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში საქართველო სხვადასხვა კომპანიისგან 3,2 მლნ დოზა ვაქცინას მიიღებს. ქვეყანაში შემოვა ჯანმოს მიერ აღიარებული Pfizer, Sinopharm, Sinovac, Novovax, Jonson&Jonson-ის ვაქცინები.

ვაქცინების მობილიზებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ვაქცინაციისთვის ადგილების შექმნა და სამედიცინო დაწესებულებების ბრიგადების დამატება, ასევე საზოგადოებრივ სივრცეებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებთან უკვე მუშაობს. თბილისში დამატებით 16 ჰოსპიტალი და პირველადი ჯანდაცვის 15 დაწესებულება მზად არის ეტაპობრივად ჩაერთოს ვაქცინაციის პროგრამაში. 

ჩხაიძე: თბილისში სამშაბათს მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი იხსნება

საქართველოს მოსახლეობისთვის ამ დრომდე ხელმისაწვდომია Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები. ხელისუფლება ასევე გეგმავს Moderna-ს, Jonson&Jonson-ის და Novovax-ის ვაქცინების შემოტანას.

ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60 პროცენტს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 238.220 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 84.756 ადამიანი.