საქართველოში სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების რაოდენობამ იკლო

განათლების სამინისტროს პირველადი კვლევის შედეგებით, ქვეყანაში გამოვლენილი იყო სასკოლო ასაკის 10.404 მოზარდი, რომლებიც არ დადიოდნენ სკოლაში, ორ თვეში მათი რაოდენობა 6,8 ათასამდე შემცირდა.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. სხვადასხვა მიზეზებით სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების რაოდენობა 34%-ით – 6,8 ათასამდე შემცირდა. იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახური.

საქართველოში 10 ათასზე მეტი ბავშვი არ დადის სკოლაში

უწყების ცნობით, განათლების სამინისტრო აგრძელებს მუშაობას სხვადასხვა უწყებებთან ერთად სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების გამოსავლენად და მათი განათლების სისტემაში ჩართვის მიმართულებით.

1000-ზე მეტმა ბავშვმა უკვე გაიარა რეგისტრაცია და სექტემბრიდან შეუერთდებიან სასწავლო პროცესს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მონაცემთა საგრძნობი შემცირება განაპირობა უცხოელ პირებთან აღრიცხვის პრობლემის მოწესრიგებამ, აგრეთვე იმ ბავშვების გამოვლენამ, რომლებიც საზღვარგარეთ დაიბადნენ, თუმცა საქართველოს მოქალაქეები არიან.

უწყებაში ელოდებიან, რომ პირველკლასელთა რეგისტრაციის შემდეგ მონაცემები კიდევ შემცირდება და რეალურ მაჩვენებელს დაუახლოვდება. სიტუაციას ცვლიან სოციალური მუშაკებიც, რომლებიც ამ კუთხით ინტენსიურად მუშაობენ.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიზანია, პირველ რიგში, იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომელთა განათლების უფლება დარღვეულია, და მათთვის შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ასევე ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს მისცემს შესაძლებლობას, უფრო მოქნილად გაცვალონ ინფორმაცია და დროულად გამოავლინონ ის ბავშვები, რომლებიც 6 წლის ასაკში განათლების სისტემის მიღმა დარჩებიან“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

საქართველოში მოსწავლეების ინტერესების დაცვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა

მიმდინარე წლის მარტში იყო გამოქვეყნებული უწყების ამ მიმართულებით მუშაობის პირველადი შედეგები და გამოვლენილი იყო 6-დან 16 წლამდე 10.404 მოზარდი (შესაბამისი ასაკის მოსახლეობის 1,7%), რომლებსაც არ ჰქონდათ საგანმანათლებლო ისტორია და არ იყვნენ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში. მომდევნო ეტაპზე ეს მონაცემი 9.200-მდე შემცირდა.

განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ სრული მონაცემები აქამდე არ არსებობდა, ასევე არ არსებობდა რაიმე გეგმა ან მექანიზმი საგანმანათლებლო გარემოში მათ დასაბრუნებლად.