საეკლესიო კალენდარი: 22 ივნისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 ივნისს ღირს იოანე შავთელ-გაენათელის, წმიდა კირილე ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის, წმიდა მოწამეთა თეკლეს, მართას და მარიამის სპარსეთში წამებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში

ღირსი იოანე შავთელ-გაენათელი

ღირსი იოანე შავთელ-გაენათელი (XIII) - „კაცი ყოვლად განთქმული და საკვირველი მოღვაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი“ მოღვაწეობდა თამარ მეფის დროს. ის მისი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი, ფილოსოფოსი და ცნობილი მქადაგებელი იყო. მისი შემოქმედებიდან ჩვენამდე მოღწეულია ცნობილი ოდა „აბდულ-მესია“ და „გალობანი ვარძიის ღვთისმშობელისანი“. მან ღრმა მოხუცებულობამდე მიაღწია და მშვიდობით აღესრულა.

წმიდა კირილე ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი

წმიდა კირილე ალექსანდრიელი დაიბადა ალექსანდრიაში, დიდგვაროვანი ქრისტიანების ოჯახში IV საუკუნის მეორე ნახევარში. მას 412-444 წლებში ეპყრა მღვდელმთავრის ტახტი. ნეტარი მამა თავმჯდომარეობდა 431 წელს ეფესოში მოწვეულ III მსოფლიო კრებას, რომელმაც ანათემას გადასცა ნესტორი და მისი ცრუსწავლება. 444 წელს წმიდანმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მან მრავალი ზნეობრივი და საღვთისმეტყველო ხასიათის თხზულება დაგვიტოვა.

წმიდა მოწამენი თეკლე, მართა და მარიამი

წმიდა მოწამენი თეკლე, მართა და მარიამი სპარსეთში აღესრულნენ საპორ II ზეობისას, 346 წლის 6 ივნისს. მათ ქრისტეს აღსარებისთვის თავები მოკვეთეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.