„თუ ეს არ ეწერება მზისგან დამცავს, ჩათვალეთ ფულს ტყუილად ყრით“– გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია მზეზე გარუჯვა და ბევრმა არ იცის რა საშიშია მზეზე მზისგან დამცავი კრემის გარეშე ყოფნა. ექიმი-რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას უხსნის, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება მზისგან დამცავის ყიდვისას, რომ ფული ტყუილად არ გადაყარონ.
Sputnik

ექიმი-რეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოში გავრცელებულია ოთხი ტიპის კანი: წითურების კანი, რომელიც ჭორფლითაა დაფარული; ე.წ. ევროპული კანი; საშუალო შეფერილობის კანი, რომელიც ყველაზე გავრცელებულია საქართველოში – ადამიანები მუქი თმით და ყავისფერი თვალებით; და ე.წ. ხორბლისფერი კანი, რომელიც აქვთ მუქი ფერის თმის და თვალების მქონე ადამიანებს.

გიორგი ღოღობერიძე პირველი ორი ტიპის კანის მქონე ადამიანებს საერთოდ არ ურჩევს გარუჯვას, რადგან, მისი თქმით, ასეთი კანი სწრაფად იწვება, წითლდება და ფაქტობრივად ვერ ირუჯება. თუ მაინცდამაინც, ექიმი მათ 50-პროცენტიანი დამცავი კრემის გამოყენებას ურჩევს, ხოლო დანარჩენი კანის ტიპის ადამიანებს – 30-პროცენტიან და ხანდახან 15-პროცენტიანსაც.

გიორგი ღოღობერიძის თქმით, ხშირად ადამიანები ისე ყიდულობენ მზისგან დამცავ კრემს, რომ არ აკვირდებიან, თუ რისგან იცავს ის კონკრეტულად. მისი თქმით, დამცავს აუცილებლად უნდა ეწეროს, რომ კომბინირებული დაცვა აქვს – როგორც A, ისე B სხივებისგან, რომლებიც ღრმად აღწევენ კანში და ონკოლოგიურ დაავდებებს იწვევენ.