თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება ხუთი მლნ ლარით გაიზარდა, განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა თბილისის სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას.
ანგარიში ასევე ეხებოდა ბავშვთა სამედიცინო და სოციალური დახმარების მუნიციპალურ პროგრამებს. ელოშვილმა გამოყო „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა“. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამით ამ დროისთვის 1.375 პირი სარგებლობს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
„ჩვენ გავზარდეთ ამ პროგრამის დაფინანსება და ვცდილობთ, აღარ გვქონდეს რიგები. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იმას, რომ რიგებში აღარ იდგნენ ოჯახები ან თუ იქნებიან, ისინი მყისიერად ჩაერთონ პროგრამაში. ამისთვის პროგრამის დაფინანსება ხუთი მილიონით გაიზარდა“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.
ვიცე–მერი ასევე შეეხო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მხარდამჭერ პროგრამასაც. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამით 100 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს. პროგრამის ფარგლებში შშმ ბავშვები წელიწადში 800 ლარის ოდენობით დახმარებას იღებენ.