საქართველოში „კომენდანტის საათი“ 1 ივლისიდან გაუქმდება

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. საქართველოში ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესბული შეზღუდვა 1 ივლისიდან გაუქმდება, ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

COVID-19 საქართველოში – 22 ივნისის მონაცემები

გარდა ამისა, 22 ივნისიდან საქართველოში ღია სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება.

„დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. აღნიშნული შეზღუდვის გაუქმება არ ვრცელდება ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებზე. 1 ივლისიდან მოიხსნება ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა", – განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში გაუარესებული ეპიდვითარების გამო ქვეყანაში „კომენდანტის საათი" 2020 წლის მარტიდან ამოქმედდა, რომელიც ზაფხულში გაუქმდა, თუმცა, ეპიდვითარების გაუარესების გამო ღამის საათებში გადაადგილებაზე აკრძალვა ნოემბერში კვლავ ამოქმედდა. ნახევარ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აღნიშნული შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში მოქმედებდა. მიმდინარე წლის მაისში შეზღუდვის დრო შემცირდა და დღემდე იგი 23:00-დან 04:00 საათამდე მოქმედებს.

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევა  ფიზიკური პირის 2 ათასი ლარით, იურიდიული პირის კი 10 ათასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.