ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში წინსვლას აგრძელებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი 2021 წელს რეიტინგში 12 საფეხურით დაწინაურდა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ამ დროის განმავლობაში დაახლოებით 577 ათასი აშშ დოლარი გამოიმუშავა.
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ჰალეში ჩატარებული ტურნირის შემდეგ ATP-ს რეიტინგში დაწინაურდა, განახლებული რეიტინგი ATP-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის მეოთხედფინალშია

საქართველოს პირველი ჩოგანი გერმანულ ტურნირამდე 30-ე პოზიციას იკავებდა, ხოლო ჰალეში ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლის შემდეგ მან 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და მსოფლიო რეიტინგის 28-ე ადგილზე გადაინაცვლა 1.985 ქულით. ამჟამად ბასილაშვილი რუს კარენ ხაჩანოვს 20 სარეიტინგო ქულით უსწრებს, ხოლო იტალიელ ლორენცო სონეგოს 57 ქულით ჩამორჩება.

ბასილაშვილმა გერმანიაში ტურნირის ნახევარფინალური ეტაპი რუს ჩოგბურთელ ანდრეი რუბლიოვთან სამ სეტში, ანგარიშით 1:6, 6:3, 3:6 დათმო. აღსანიშნავია, რომ 23 წლის რუსი სპორტსმენი რეიტინგში მე-7 პოზიციას იკავებს. ნიკოლოზმა ჰალეში ნაჩვენები შედეგით 180 სარეიტინგო ქულა და 60 ათასამდე ევრო გამოიმუშავა.

მიმდინარე სეზონი ქართველი სპორტსმენისთვის ერთ-ერთი გამორჩეულია. ბასილაშვილმა 2021 წელი ATP რეიტინგში მე-40 პოზიციით დაიწყო და ჯამში 12 საფეხურით დაწინაურდა. მიმდინარე წელს ბასილაშვილმა ორი 250-ქულიანი ტურნირის მოგება შეძლო (დოჰა და კატარი), ასევე ჰალეს ტურნირამდე მან ნახევარფინალში იასპარეზა იტალიის ქალაქ კალიარიში გამართულ ჩემპიონატზე.

განახლებული რეიტინგის მიხედვით, ATP-ს პირველ სამეულში ცვლილება არ მომხდარა. მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი კვლავ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელსაც უკან რუსი დანიილ მედვედევი და ესპანელი რაფაელ ნადალი მოჰყვებიან.