„ყველამ იცის, რომ მე ვარ მებრძოლი საქართველოდან“: დაუმარცხებელი გორელი მოკრივე

თავიდან არათუ წარმატებული, საერთოდ სპორტსმენი თუ გახდებოდა, არავის ეგონა, პირველ რიგში კი თავად მას. სპორტული ჟინი მას შემდეგ გაუჩნდა, როცა პირველად გაუგო გემო გამარჯვებას. მას მერე სხვა შეგრძნება მისთვის უცნობია და, ღმერთმა ქნას, ბოლომდე ასე იყოს.
Sputnik

ეს ამბავი 27 წლის ქართველ მოკრივეზე ნიკოლოზ სეხნიაშვილზეა. ის პირველი ქართველი მებრძოლია, რომელსაც კრივის პოპულარიზაციაში მსოფლიო ლიდერმა კომპანია Top-Rank-მა გაუფორმა ხელშეკრულება. ეს კომპანია სხვადასხვა დროს მსოფლიო კლასის ბევრი გამორჩეული მებრძოლის პრომოუტერი იყო. ამჟამად სპორტსმენი, მორიგი ბრძოლის მოლოდინში, ამერიკაშია.

„ყველამ იცის, რომ მე ვარ მებრძოლი საქართველოდან“: დაუმარცხებელი გორელი მოკრივე

− ნიკა, საუბარი ცოტა შორიდან დავიწყოთ – როდის გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში კრივი?

− დავიბადე და გავიზარდე გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში, სკოლაც იქვე დავამთავრე. ვფიქრობ, რომ ისეთივე ცხოვრება მქონდა, როგორც ჩემი თაობის ბავშვებს. ცხრა წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა სპორტის ამ სახეობისადმი სიყვარული შემნიშნეს და სექციაში მიმიყვანეს. კრივი დღემდე ყველაზე ვაჟკაცურ სახეობად მიმაჩნია.

თავიდან სხვებზე მეტი, ან „იმედის მომცემი“ არ ვიყავი, მაგრამ როდესაც პირველად გავიმარჯვე, ყველაზე მეტად მაშინ შემიყვარდა კრივი. სწორედ პირველი გამარჯვების მერე, 13-14 წლისას გამიჩნდა გამარჯვების მუღამი და ჟინი. მივხვდი, რომ უკვე ვეღარაფერი გამაჩერებდა და ამის მერე ყოველთვის წინ უნდა წავსულიყავი.

− როგორი იყო საქართველოში თქვენი სპორტული მიღწევები?

„ყველამ იცის, რომ მე ვარ მებრძოლი საქართველოდან“: დაუმარცხებელი გორელი მოკრივე

- საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული ვარ ყველა ასაკში, ასევე ვარ არაერთი საერთაშორისო „ა“ კლასის ტურნირის პრიზიორი და გამარჯვებული.  

− მიიჩნევა, რომ რინგზე ჯერჯერობით დაუმარცხებელი ხართ...

− ამის დასტურად მხოლოდ ფაქტებს მოვიყვან: შვიდი ბრძოლიდან ყველა მოგებული მაქვს, აქედან ხუთი  − ნოკაუტით.

− პირველი ქართველი ხართ, რომელსაც ხელშეკრულება მსოფლიო რანგის კომპანიამ გაუფორმა. რომელი კომპანიაა ეს?

− დიახ, პირველი ქართველი ვარ, ვისაც მსოფლიო ლიდერმა კომპანიამ TopRank-მა გაუფორმა ხელშეკრულება. ამერიკაში ჩასულს მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეებთან მიწევდა სპარინგი და თავი საკმაოდ კარგად წარმოვაჩინე. არაერთი შეთავაზება მქონდა, თუმცა, ჩემი აზრით, TopRank-ი ყველაზე უკეთესი ვარიანტი იყო.

„ყველამ იცის, რომ მე ვარ მებრძოლი საქართველოდან“: დაუმარცხებელი გორელი მოკრივე

ეს კომპანია 1973 წელს დაარსდა და იმ დღიდან მოყოლებული, მსოფლიო კლასის ბევრი გამორჩეული მებრძოლის პრომოუტერი იყო, მათ შორის, მუჰამედ ალის, ალექსის არგუელოს, ტაისონ ფიურისა და სხვების.

− როგორი იყო ამერიკასთან თქვენი შეხვედრა, რამ გაგაოცათ?

− ამერიკაში 2019 წელს ჩამოვედი. აქ ჩამოსვლამდე მსოფლიო მქონდა შემოვლილი, ამიტომ დიდად არაფერი გამკვირვებია, თქვენ წარმოიდგინეთ, პირიქით, უფრო მეტის მოლოდინი მქონდა.

− გარდა ფიზიკური ძალისა და კარგი მომზადებისა, რაშია დაუმარცხებელი სპორტსმენის ძალა?

− ზოგადად კრივი სპორტის ისეთი სახეობაა, რაც ძალასთან ერთად ითხოვს, რომ მასში გულიც და გონებაც იყოს ჩართული. სპორტსმენი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მხოლოდ ერთი მიზნისკენ უნდა იყოს მომართული და რინგზე მხოლოდ გამარჯვების სურვილით და ჟინით უნდა გავიდეს.

„ყველამ იცის, რომ მე ვარ მებრძოლი საქართველოდან“: დაუმარცხებელი გორელი მოკრივე

− რატომ არ გაიმართა მაიამიში დანიშნული კრივის ივენთი?

−  სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ერთ-ერთ მებრძოლს, ტიოფიმე ლოპესს კორონავირუსი დაუდგინდა. ეს ბრძოლა 14 აგვისტომდე გადაიდო, მაგრამ შეიძლება უფრო ადრეც შედგეს, ზუსტად არ ვიცი.

კრივის ეს მნიშვნელოვანი ივენთი 19 ივნისს loanDepot-ის პარკის დიდ სტადიონზე უნდა გამართულიყო. მასში მე, როგორც ქართველ მებრძოლს, ისე უნდა მიმეღო მონაწილეობა. ამ ბრძოლისთვის გუნდთან ერთად საკმაოდ ინტენსიურად ვემზადებოდი. აქვე გეტყვით, რომ 19 ივნისის ივენთის ორგანიზატორი Triller Fight Club-ი იყო. ეს კლუბი კრივის უდიდეს ღონისძიებებს უწევს ორგანიზებას და მისი ერთ-ერთი პარტნიორი ცნობილი სნუპ დოგია.

„ყველამ იცის, რომ მე ვარ მებრძოლი საქართველოდან“: დაუმარცხებელი გორელი მოკრივე

− რინგზე საქართველოს სახელით გამოდიხართ. როგორ ფიქრობთ, წლების მერე შეიცვლება ეს ფაქტი?

− ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ყველაზე კარგად თავს საქართველოში ვგრძნობ, ამიტომ – არა მგონია... რინგზე საქართველოს სახელით და ქართული დროშით გამოვდივარ. უცხოეთში ყველამ იცის, რომ მე ვარ მებრძოლი საქართველოდან...