მეუფე იაკობი: ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს აუცილებლად ექნებათ მეტი თავისუფლება

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც პანსიონთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შემდეგ ყოფილმა ხელმძღვანელმა, მეუფე სპირიდონმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს აუცილებლად ექნებათ მეტი თავისუფლება და აღარ იქნება ასეთი გალავნები, განაცხადა ნინოწმინდის პანსიონის ახალმა მმართველმა, მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

რატომ დაატოვებინეს ნინოწმინდის პანსიონი ზოგიერთ აღმზრდელს
„რამდენიმე თვეში ნინოწმინდის ტერიტორიაზე უნდა ავაშენოთ სამი საერთაშორისო სტანდარტების სახლი, რომელიც იქნება მცირე ტიპის საცხოვრებელი. ბავშვები ამ სახლებში, ოჯახურ გარემოში გაიზრდებიან“, – განაცხადა მეუფემ.

მეუფე იაკობის თქმით, ნინოწმინდის პანსიონში იმდენი ბავშვი დარჩება, რამდენსაც მოესურვება.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო.

საკადრო წმენდა ნინოწმინდის პანსიონში – მეუფე იაკობის გეგმები >>>

ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო, ან რეინტეგრაცია) გადაყვანა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ.

პანსიონიდან ამ ეტაპზე ბავშვების დაახლოებით ნახევარი გაყვანილია ოჯახებში, ხოლო დარჩენილებთან სოციალური მუშაკები მუშაობენ. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მათთვის ოჯახების მოსაძიებლად.