ფაშინიანმა საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა.
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს და თავის კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ფაშინიანმა განცხადება გააკეთა პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ოფისში სომხეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ.

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ჩემი საუკეთესო მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. დარწმუნებული ვარ, მომავალში გავაღრმავებთ და გავაუმჯობესებთ საქართველოსთან ურთიერთობას. ასევე მინდა, მშვიდობა ვუსურვო ჩვენს რეგიონს. სტაბილურობა და მშვიდობა - ჩვენი მნიშვნელოვანი დღის წესრიგია. ჩვენი პრიორიტეტია - ჩვენი ხალხისთვის მშვიდობისა და განვითარების ეპოქის შექმნა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთის ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 53,92% მიიღო. ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკ „სომხეთს“ ამომრჩეველთა 21,4%-მა დაუჭირა მხარი, კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ბლოკს „პატივი მაქვს“ – 5,23%-მა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს ხმათა 7% არ მიუღია (საარჩევნო ბარიერი), ის პარლამენტში მაინც მოხვდება, რადგან სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში სულ მცირე სამი პოლიტიკური ძალის არსებობა სავალდებულოა.

არჩევნების საბოლოო შედეგები კენჭისყრიდან მეშვიდე დღეს გამოცხადდება.