ყვითელი ამბები

„მეგობრებისთვის დრო აღარ მრჩება...“ – რით არის დაკავებული ანუკი არეშიძე?

არაორდინარული დიზაინერი შთაგონების წყაროს სხვადასხვა ხერხით პოულობს. ანუკი არეშიძე თავისუფალ დროს საკუთარ განვითარებას უთმობს. ოთხი შვილის დედამ „ფოლოვერებს“ საიდუმლო გაუმხილა.
Sputnik

ცნობილმა დიზაინერმა ანუკი არეშიძემ „ინსტაგრამის“ ხელმომწერების კითხვებს უპასუხა. სოციალური ქსელის მომხმარებელი დაინტერესდა, როგორ ასწრებს ამდენ რამეს და ენერგია როგორ ჰყოფნის, რაზეც ანუკიმ აღნიშნა, რომ დილით ადრე დგება, რადგან მერე დღე უფრო გრძელია და დროც შედარებით ჰყოფნის. თუმცა საკუთარი თავისა და მეგობრებისთვის დრო, სამწუხაროდ, აღარ რჩება. რაც შეეხება ენერგიას, საღამოს 7 საათის შემდეგ უკვე ეძინება და ცდილობს 12 საათს არ გადააცილოს დაძინება, რათა ჯამში 8-9 საათი ეძინოს ღამის განმავლობაში.

თბილისის მერის მეუღლე შვილების დაძინების შემდეგ საკუთარი განვითარებისთვის ზრუნავს. ანუკი არეშიძე „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებს“ დღის რუტინას ხშირად უზიარებს, მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისი აღმოჩნდა. ულტრამოდური ქალბატონი სწავლას განაგრძობს. ის ინგლისურის გაძლიერებულ შესწავლას სახლის პირობებში შეუდგა, ვინაიდან პანდემიამ ყველაფერი „ონლაინ-რეჟიმზე“ გადაიყვანა.

პანდემიამ ანუკი არეშიძის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. გადატვირთული რეჟიმი პოზიტიური დინამიკით გრძელდებოდა მანამ, სანამ მკაცრი შეზღუდვები დაწესდებოდა. თუმცა შეზღუდვების პერიოდშიც ანუკიმ დრო არ დაკარგა და ახალი ბრენდის შექმნას შეუდგა. მისი შთაგონების წყარო ნიკოლა კალაძე აღმოჩნდა. ბრენდს Nicolas Kidswear დაარქვა, რომელშიც ანუკის დიზაინით შექმნილი სამოსი იყიდება. პოპულარულმა ქალბატონმა გოგონების ხაზიც შექმნა. მან გულახდილად აღიარა, რომ გოგონას გაჩენა სურს, რადგან შექმნილი ლამაზი სამოსიც უბიძგებს ამისკენ.

კალაძე–არეშიძის წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო, მათ ოფიციალურად 2013 წელს იქორწინეს. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე დაიბადა, კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 13 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 6 წლის ვაჩე.