ამირან გამყრელიძე პირბადის ტარებასთან დაკავშირებით შემსუბუქებას არ ემხრობა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 260-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 359.141-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოში ეპიდსიტუაცია  ძალიან ნელი ტემპით უმჯობესდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 260-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 359.141-ს მიაღწია. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.35 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.45%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.62%.

„სტაბილიზაცია გვაქვს, თუმცა ეს არის არამდგრადი სტაბილიზაცია, პირველი ნიშანი კი არის ის ფაქტი, რომ ბოლო ერთი კვირის დადებითობის მაჩვენებელმა ოდნავ აიწია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან უარესდება მდგომარეობა, მაგრამ საყურადღებოა და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ფხაკაძე: წელსაც ბათუმიდან დაიწყება ეპიდაფეთქება...

რაც შეეხება პირბადეების ტარებაზე რაიმე ტიპის შემსუბუქებას, ჯერჯერობით ამ ვითარებაში პირბადეების სავალდებულო ტარების მოხსნას გამყრელიძე სწორ ნაბიჯად არ მიიჩნევს.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებიდან დარჩენილია ორი ძირითადი – პირბადის აუცილებელი ტარება ღია და დახურულ სივრცეში და ღამის საათებში გადაადგილების აკრძალვა.

საქართველოში „კომენდანტის საათი" 2020 წლის მარტიდან შემოიღეს, რომელიც ზაფხულში გაუქმდა, თუმცა, ეპიდვითარების გაუარესების გამო ღამის საათებში გადაადგილებაზე აკრძალვა ნოემბერში კვლავ ამოქმედდა. ნახევარ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აღნიშნული შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში მოქმედებდა. მიმდინარე წლის მაისში შეზღუდვის დრო შემცირდა და ამჟამად იგი 23:00-დან 04:00 საათამდე მოქმედებს.

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევა ითვალისწინებს ფიზიკური პირის 2 ათასი ლარით, იურიდიული პირის კი 10 ათასი ლარით დაჯარიმებას.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.