ფხაკაძე: წელსაც ბათუმიდან დაიწყება ეპიდაფეთქება...

რამდენიმე დღის წინ ექსპერტებმა განაცხადეს, რომ საქართველოში სავარაუდოდ 3-4 კვირაში კორონავირუსის „ინდური შტამი“ დომინანტი გახდება, რადგან ქვეყანაში არანაირი შეზღუდვები აღარ მოქმედებს.
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. წელს ბათუმიდან შარშანდელთან შედარებით გაცილებით მწვავე ეპიდაფეთქება მოხდება, მიიჩნევს საერთაშორისო ექსპერტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე.

ამ დროისთვის საქართველოში თითქმის ყველა კოვიდ-შეზღუდვა მოიხსნა, ჯერ ისევ მოქმედებს „კომენდანტის საათი“, რომელიც, ექსპერტების თვალსაზრისით, ასევე მოიხსენა.

როგორც ექსპერტი ვარაუდობს, „ინდური შტამის“ გავრცელება სიტუაციას შარშანდელზე მეტად დაამძიმებს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მოკლე მეხსიერება. შარშან ზუსტად იგივე იყო - დაიწყო აფეთქება ბათუმიდან, წელსაც იქნება იგივე ისტორია, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ უფრო მწვავე იქნება. გვექნება ინდური შტამი, ე.წ. დელტა შტამი იქნება, უფრო ძლიერი“, - განაცხადა ფხაკაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.
ჩხაიძე: თბილისში სამშაბათს მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი იხსნება

ფხაკაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელება იქნება ძლიერი, რადგან მოსახლეობას იმუნური სისტემა უფრო დაქვეითებული ექნება.

ბოლო პერიოდში საქართველოში დელტას სახელით ცნობილი „ინდური შტამის“ შემთხვევები იზრდება. ამ დროისთვის მისი 20 შემთხვევა დაფიქსირებული.

„ინდური შტამის" გავრცელების ტემპი მისი მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 358.881-ს მიაღწია; სულ გამოჯანმრთელდა 344.748 ადამიანი, გარდაიცვალა – 5.160. ამ დროისთვის ქვეყანაში აცრილია 233.488 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, საქართველოში სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 79.222 ადამიანი, რაც მოსახლეობის 2%-ს მცირედით აღემატება.