ვანდალიზმის ფაქტი: პუშკინის ქუჩაზე უძველესი არაბული წარწერა დააზიანეს

ისტორიული წარწერის აღდგენას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დარგის სპეციალისტებთან ერთად უზრუნველყოფს.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე არქეოლოგიურ კომპლექსზე მე-8 საუკუნის არაბული წარწერა დააზიანეს, ინფორმაციას „ტფილისის ჰამქრის“ წევრი, კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ელისაშვილის ინფორმაციით, ვანდალებმა ისტორიული წარწერა ცხელი გუდრონით გადაშალეს. კულტუროლოგი მოუწოდებს სამართალდამცველებს, დროულად მიმართონ შესაბამის ზომებს და დააკავონ დამნაშევე.

„რას ვშლით და ვანადგურებთ, ისტორიას?! თბილისის საამირო კვალს?! არაბების 400 წლიან ბატონობას?! ამ „ლოგიკით“ სპარსელების აშენებული ნარიყალაც დასანგრევია. ანჩისხატის სამრეკლოც მოვშალოთ, სპარსული არქიტექტურის გავლენაა. შაჰტახტიც დავანგრიოთ, იქ იყო არაბების დაარსებული თბილისის პირველი ობსერვატორია“, - წერს ელისაშვილი.

მან ასევე დროული მოქმედებისკენ მოუწოდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს.

აღნიშნულ ფაქტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა, რომელმაც პოსტის ავტორს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თბილისში დაზიანებული არაბული წარწერის აღდგენაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„მე დილიდან ადგილზე მივავლინე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები. აღმოჩნდა, რომ იქ მომხდარი იყო ვანდალიზმის ფაქტი და ამჟამად მიმდინარეობს ნებართვის გაცემის პროცედურები შესაბამის სპეციალისტებზე, რათა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ადგილზე შესაბამისი დაცულობის მექანიზმი ისევ დაყენდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შემდგომში აღნიშნული ნებართვა გაიცა და აღდგენის სამუშაოები უკვე დაიწყო.

როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, დღეს გაცემული ნებართვის საფუძველზე, ძველი გალავნის კარიბჭის კედელში ჩაშენებულ უძველეს არაბულ წარწერიან ქვიშაქვის ფილაზე აღდგენით სამუშაოებს უკვე აწარმოებენ სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორი და შპს „იუკონი და კომპანიას“ კონსერვაციის სპეციალისტი.