თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. საქართველოში ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი განაცხადა ხელისუფლებასთან შეთანხმების ხელმოწერაზე, რაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხრიდან ახალი თავდასხმების საბაბი გახდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის თაოსნობით ევროპელი შუამავლების მიერ მომზადებულ შეთანხმებას, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას ემსახურება, ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი აპრილში მოაწერეს.
„ჩვენ მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ამ დოკუმენტის სულისკვეთებას ვიზიარებთ, მაგრამ იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ" ამნისტიის მუხლი შეიტანა და ისეთი ამნისტიის პროექტი წარმოგვიდგინა, რომელიც ვერც მორალურად და ვერც სამართლებრივად ვერ უძლებს კრიტიკას, ჩვენ ამის გამო, ამ დოკუმენტს არ ვუერთდებით“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ და აღნიშნა, რომ „შარლ მიშელის დოკუმენტს „ქართული ოცნება“ უხეშად არღვევს“.
ამგვარი პოზიცია მმართველი პარტიის წარმომადგენლებში ღია უკმაყოფილებას იწვევს.
„მათ („ნაცმოძრაობას“ - რედ.) მოუწევთ ხელმოწერა, ოღონდ ისე კი არა, ცალკეულ პუნქტებზე, ისინი შეუერთდებიან შარლ მიშელი დოკუმენტს. მათ კიდევ აქვთ დრო, შეუერთდნენ ასევე ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „ამნისტიის შესახებ“. მათ ექნებათ ამისთვის შესაბამისი დრო და იმედია, დაფიქრდებიან“, - განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს დესტრუქციულ ქმედებებს „ნაცმოძრაობის“ მხრიდან.
2019 წლის 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამედ“ წოდებული საპროტესტო აქციის შემდეგ აღძრული საქმეების ფიგურანტების ამნისტია ევროკავშირის შუამავლობით მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია და ამავე დროს ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დავის ერთ-ერთი მთავარი საგანია.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პროექტი უნდა შეეხოს მხოლოდ აქციების მონაწილეებს, ხოლო მმართველმა პარტიამ გაიყვანა საკუთარი კანონპროექტი, რომლის თანახმად ამნისტია შეეხება ყველას: როგორც აქციის მონაწილეებს, ისე პოლიციელებს. ამასთან ამნისტიისთვის აუცილებელია თავად ბრალდებული ან მსჯავრდებული ამნისტირებულის მხრიდან თანხმობა, რაც სასამართლოს ამ პროკურატურის მიერ იქნება დაფიქსირებული.
ეს კანონი მნიშვნელოვანია „ნაცმოძრაობისთვის“, რადგან მისი თავმჯდომარე ნიკა მელია მთავარი ბრალდებულია აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში და მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.