მედია: წნორში ერთ-ერთ ოჯახს ნათესავმა სახლი დაუწვა

არსებული ინფორმაციით, ხუთსულიანი ოჯახი სახლის გარეშე დარჩა. ოჯახის წევრები ახლა ნათესავთან აფარებენ თავს.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მცხოვრებ სომხიშვილების ოჯახს ნათესავმა საცხოვრებელი სახლი დაუწვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა.

ოჯახი ადგილობრივ პოლიციას უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებს რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე პოლიციელებმა მხოლოდ გამოკითხეს და სახლში გაუშვეს.

თბილისში 6 წლის შვილის წამების ბრალდებით ბავშვის დედა და მამინაცვალი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის დავა წლებია გრძელდება. დაპირისპირება სახლის გამო დაიწყო, რომელიც გულნაზ სომხიშვილს პაპამ აჩუქა.

დაზარალებული გულნაზი სომხიშვილი, გარდა ზიანისა, ბიძის მხრიდან მუქარაზე საუბრობს და მის დაკავებას ითხოვს. მისი თქმით, მამაკაცმა სახლის დაწვის ფაქტი აღიარა.

დაზარალებულების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც სახლი დაწვა, მკვლელობაზეა ნასამართლევი და ახლაც პირობითი სასჯელის ქვეშ იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.