თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურმა სკოლამ საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო

დღეისათვის საქართველოში ISET-ის ეკონომიკის პროგრამები ერთადერთი საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამებია ეკონომიკის მიმართულებით.
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET) ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს (FIBAA) ოფიციალური აკრედიტაცია მიიღო, იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

თსუ-ის სკოლამ საერთაშორისო აკრედიტაცია ხუთი წლის ვადით მიიღო. ამასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. მან უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება მიულოცა.

„FIBAA-ს აკრედიტაცია მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯია ISET-სთვის, რადგან ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სკოლის პროგრამები თავისი შინაარსითა და ხარისხით კონკურენტუნარიანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და სტუდენტებს საერთაშორისო დონის განათლებას სთავაზობს“, – განაცხადა ჩხენკელმა. 

თსუ მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში დაწინაურდა

უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ინტერნაციონალიზაცია ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამიტომაც საქართველო შემდგომი ეკონომიკური განვითარების მიზნით ინტენსიურად აგრძელებს მუშაობას განათლების სისტემის რეფორმირებისა და გაუმჯობესებისთვის, აღნიშნა ჩხენკელმა.

FIBAA გერმანიის საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოა, რომელიც უმაღლესი განათლების სექტორში ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობს და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრია. სააგენტოს ხარისხის უზრუნველყოფისა და განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.

თსუ-ში საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ISET-ის დირექტორი თამარ სულუხია, ISET-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ჟან ფრედერიკ პოლსენი, სტუდენტები და სხვა მიწვეული სტუმრები.