საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგები სოფელ სამებასთან დღეს, დილით დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოში 3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით, 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 04:31 საათზე 9 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური, 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრა ზუსტად ამ ადგილზე სამი დღის წინაც, 15 ივნისს მოხდა.

საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა – 7-ბალიანი მაგნიტუდის – 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.