„სპუტნიკV"-ს შემქმნელები ინდური შტამის საწინააღმდეგო პრეპარატს ქმნიან

ეს იქნება ე.წ. ბუსტერული აცრა  - უკვე გაკეთებულ პრეპარატს კიდევ ერთი დოზა ემატება, რომელიც მის ეფექტს აძლიერებს.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკV"-ს შემქმნელები COVID-19-ის ინდური შტამის საწინააღმდეგო პრეპარატზე მუშაობენ, ნათქვამია ვაქცინის Twitter-აკაუნტში.

კირილ დმიტრიევი: EMA-ს „სპუტნიკ V“-ს მიმართ კრიტიკული შენიშვნები არ აქვს

მოსალოდნელია, რომ ეს იქნება ე.წ. ბუსტერული აცრა  - უკვე გაკეთებულ პრეპარატს კიდევ ერთი დოზა ემატება, რომელიც მის ეფექტს აძლიერებს. ვაქცინის შემქმნელებმა აღნიშნეს, რომ მომავალი ეკუთვნის ვაქცინების „კოქტეილებს“, ანუ პრეპარატების კომბინაციებს.

„ჩვენ ვთავაზობთ ვაქცინების შემქმნელებს გამოიყენონ ჩვენი ინიექცია კორონავირუსის მუტაციების წინააღმდეგ“, - აღნიშნეს მათ.

ზაფხულის დასაწყისში პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდის გენერალურმა დირექტორმა კირილ დმიტრიევმა განუცხადა მედიას, რომ რუსული ვაქცინის ჩინურ პრეპარატებთან კომბინაციის პირველი ცდები შესაძლოა არაბულ ქვეყნებში ჩატარდეს. რუსული „სპუტნიკი“ დამტკიცებულია 60 ქვეყანაში, რომელთა მთლიანი მოსახლეობა 3 მილიარდ ადამიანს მოიცავს. სახელმწიფო რეგულატორების მიერ დამტკიცებების რაოდენობით ეს პრეპარატი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.

პრეპარატის ავტორების თქმით, „სპუტნიკV" შეიქმნა ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების კარგად შესწავლილ პლატფორმაზე, ვაქცინის ტექნოლოგიაში გამოყენებულია ორი სხვადასხვა ვექტორი ორი აცრისთვის. ამით უფრო ხანგრძლივი იმუნიტეტი მიიღწევა, ვიდრე იმ ვაქცინებში, რომლებშიც ორივე აცრისთვის ერთნაირი მექანიზმია გამოყენებული, აღნიშნავენ ექსპერტები.

სპეციალისტები ინდურ შტამს უფრო სახიფათოდ მიიჩნევენ, ვიდრე დანარჩენ შტამებს, ვინაიდან ის მეტად აგრესიულია – ძლიერად ეჭიდება უჯრედებს და ვირუსის მცირედი რაოდენობაც საკმარისია დასაავადებლად.

„ინდური შტამის" გავრცელების ტემპი მისი მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.

ჯანმოს მონაცემებით, ინდური შტამი უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა, შტამის შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა.