ყველაფერი აღრიცხვაზე – საქართველოში სახელმწიფო ტყეების ინვენტარიზაცია მთავრდება

ბოლო ორი წლის განმავლობაში ტყის სრული ინვენტარიზაცია უკვე განხორციელდა ქვეყნის ექვს რეგიონში და ნაწილობრივ კახეთში.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველოში ტყეების ინვენტარიზაცია გრძელდება – კახეთის რეგიონში საველე სამუშაოებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეცნო, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახური. 

საქართველოში კომპანიები ტყის რესურსებს ნებართვის გარეშე ვეღარ გამოიყენებენ

ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და გერმანიის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. სპეციალურად ამ პროცესისთვის შემუშავებული იქნა მეთოდოლოგია და ტექნიკური დოკუმენტაცია.

ბოლო წლებში ქვეყნის მასშტაბით ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები ჩატარდა გურიის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, სამეგრელო–ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, შიდა ქართლის რეგიონებში და კახეთის ტყეების ნაწილში.

მინისტრის თქმით, ტყეების სახელმწიფო რეგისტრაცია დასასრულს უახლოვდება.

საველე სამუშაოების დასრულების შემდეგ მიღებული და დამუშავებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება სატყეო პოლიტიკის მართვისთვის. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის, აღნიშნა დავითაშვილმა.

„ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები პირველად ტარდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში და პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს ძალიან მნიშნელოვანია ტყის მართვის განვითარებისთვის, ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისთვის, ზუსტი სტატისტიკის არსებობისთვის, სწორი პოლიტიკის გატარებისა და შესაბამისი გადაწყეტილების მიღებისთვის“, – განაცხადა დავითაშვილმა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყის მართვის 10-წლიან გეგმაზე მუშაობს

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის გამოცდილება, რომელიც საქართველოში ყალიბდება ტყის ეროვნული აღრიცხვის მიმართულებით, შესაძლებელია გავუზიაროთ მეზობელ ქვეყნებს. გარკვეული ქვეყნების მხრიდან დაინტერესება უკვე არსებობს.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში მომზადდა მეთოდოლოგია, გადამზადდა პერსონალი და დაიწყო საველე სამუშაოების განხორციელება – საქართველოს ტყეების დეტალური აღრიცხვა.

საველე სამუშაოების დასკვნითი ნაწილი ამ დროისთვის ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის, კახეთის რეგიონებში და თბილისის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

საქართველოს სატყეო ფონდი 2,9 მილიონი ჰექტარია, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რაც ქვეყნის საერთო ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.