თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებული პოზიტიური მოლოდინები გახდა მთავარი ფაქტორი, რამაც ეროვნული ვალუტის გამყარებაზე იმოქმედა, განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.
ლარის კურსმა დოლარის მიმართ გამყარება მაისში დაიწყო და დღეისათვის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 7,8%-ით გაიზარდა. 16 ივნისისთვის ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1751 GEL/$1 ნიშნულზე დადგინდა.
„რაც შეეხება ლარის კურსის ფორმირებას მოკლევადიან პერიოდში, აქ ძირითად როლს მოლოდინები ასრულებს. მოგეხსენებათ, პანდემიის დაწყებასთან ერთად ნეგატიურისკენ შეიცვალა ეკონომიკური აქტორების მოლოდინი და ამან გამოიწვია კურსის მკვეთრი გაუფასურება, ხოლო ბოლო თვის განმავლობაში, როცა გაიხსნა ეკონომიკა, გაჩნდა პოზიტიური მოლოდინი და ამან გამოიწვია ლარის მკვეთრი გამყარება“, – აღნიშნა ლეჟავამ.
ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.
სავალუტო ბაზრის დასტაბილურებისა და მკვეთრი გაუფასურების თავიდან აცილების მიზნით 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც საერთო ჯამში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს მარეგულირებელმა შვიდ აუქციონზე უკვე გაყიდა 242,9 მილიონი დოლარი.
ამასთან, ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ნეგატიური მოლოდინების შესაკავებლად მომავალშიც განახორციელებს ინტერვენციებს.