Lambda-ს საფრთხე: ჯანმო კორონავირუსის ახალ ვარიანტს სწავლობს

ჯანმოში ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც უკვე 29 ქვეყანაშია გამოვლენილი, შეიძლება ბევრად მედეგი გამოდგეს ანტისხეულების მიმართ.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) სწავლობს კორონავირუსის ახალ ვარიანტს, რომელიც პირველად ლათინურ ამერიკაში გამოვლინდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Deutsche Welle.

ექსპერტები: 3-4 კვირაში საქართველოში დომინანტი ინდური შტამი გახდება

ვირუსის ახალ მუტაციას მეცნიერებმა Lambda უწოდეს. 

სააგენტოს ცნობით, ჯანმო არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ეს ვარიანტი უფრო გადამდები იყოს და მეტ საშიშროებას წარმოადგენდეს ადამიანის იმუნური სისტემისთვის, ვინაიდან შესაძლოა მეტად მედეგი გამოდგეს ანტისხეულების მიმართ. თუმცა ამის თაობაზე ზუსტი დასკვნები ჯერჯერობით არ არსებობს.

„ამ დროისათვის მტკიცებულებები ცოტაა. აუცილებელია დამატებითი კვლევები, რათა ვარიანტი Lambda უკეთ შევისწავლოთ“, – აღნიშნეს ჯანმოში. 

გავრცელებული ინფორმაციით, მუტაცია Lambda პირველად პერუში დაფიქსირდა 2020 წლის აგვისტოში.  ამ დროისათვის ქვეყანაში გამოვლენილი COVID-19-ის შემთხვევების 81% სწორედ ამ ვარიანტზე მოდის. 

ჯანმოს ცნობით, ამ დროისათვის Lambda მსოფლიოს 29 ქვეყანაშია გამოვლენილი.