ხელბურთი: საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე გამარჯვება იზეიმა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები პლეი-ოფში ბულგარეთის ან ანდორის გუნდს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში იასპარეზებს.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ერთა თასის (IHF/EHF Trophy 2021) გათამაშების მეორე შეხვედრაში მოლდოვის ნაკრები ანგარიშით 27:20 დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საქართველოს ნაკრებისთვის ეს ტურნირზე მეორე გამარჯვებაა. პირველ მატჩში ქართველმა სპორტსმენებმა აზერბაიჯანის გუნდი ანგარიშით 36:16 დაამარცხეს.

ერთა თასის პლეი-ოფის შეხვედრები 18 ივნისს გაიმართება. ტურნირის მოსაგებად საქართველოს ნაკრების ჩათვლით ექვსი ქვეყანა იბრძვის, საიდანაც საუკეთესო სამი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო საფეხურზე იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრების მეტოქე პლეი-ოფში ბულგარეთისა და ანდორის შეხვედრაში გამოვლინდება, რომლებიც კვიპროსთან ერთად მეორე ჯგუფში იმყოფებიან და თითო წაგება აქვთ.