რატომ დაატოვებინეს ნინოწმინდის პანსიონი ზოგიერთ აღმზრდელს

პანსიონიდან ამ ეტაპზე ბავშვების დაახლოებით ნახევარი გაყვანილია ოჯახებში, ხოლო დარჩენილებთან სოციალური მუშაკები მუშაობენ. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მათთვის ოჯახების მოსაძიებლად.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. აღმზრდელები, რომლებთან დაკავშირებითაც რისკები გამოიკვეთა, ნინოწმინდის პანსიონში აღარ იმყოფებიან, განაცხადა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ.

მეუფე იაკობისა და ნინო ლომჯარიას შეხვედრის თარიღი ცნობილი გახდა

დღეს პანსიონის ახალმა დირექტორმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ 40 აღმზრდელიდან პანსიონში 19 დარჩება.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მაღლაფერიძის განმარტებით, შემდგომი ნაბიჯები შესაძლოა გარკვეული პერსონალის გადამზადებასაც ითვალისწინებდეს.

„როდესაც იდენტიფიცირდა გარკვეული რისკები კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, მათ დაწესებულების ტერიტორია დატოვეს. როდესაც დაწესებულებაში რაიმე ტიპის რისკზე არის საუბარი, მნიშვნელოვანია, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოხდეს მათი განრიდება“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

საკადრო წმენდა ნინოწმინდის პანსიონში – მეუფე იაკობის გეგმები

მაღლაფერიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ნინოწმინდის პანსიონიდან სულ 29 ბავშვია გაყვანილი.

„22 ჩარიცხული ბენეფიციარი რჩება, თუმცა პროცესი კვლავ გრძელდება. ამას წინ უძღვის შეფასება, საუკეთესო ადგილების შერჩევა, ბიოლოგიური ოჯახების შეფასება, მათთან კონტაქტი და ასე შემდეგ. როდესაც ბავშვების ინტერესებზე ვსაუბრობთ, ეს არ არის უბრალოდ ფრაზა, უნდა შევარჩიოთ მათთვის სწორი ზრუნვის ფორმები, შევეცადოთ მათ ბიოლოგიურ მშობლებთან ან მათ სიახლოვეს განთავსება“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) შუამდგომლობა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაავალა შშმ სტატუსის მქონე ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლივ გაყვანის პროცესის დაწყება. ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ გაასაჩივრა.

საპატრიარქომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო, ან რეინტეგრაცია) გადაყვანა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ.

პანსიონთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შემდეგ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა მეუფე სპირიდონმა, ხოლო მის ნაცვლად ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა.