რა ამოიკითხეთ ბაიდენის თვალებში: პუტინმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უპასუხა ამერიკელი ჟურნალისტის კითხვას იმაზე, თუ რა ამოიკითხა მან აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თვალებში ჟენევაში გამართული შეხვედრისას.

ჟურნალისტმა დასძინა, რომ რამდენიმე წლის წინ ბაიდენმა, როდესაც იგი ვიცეპრეზიდენტი იყო, რუსეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ პუტინს თვალებში ჩახედა და იქ სული ვერ დაინახა. ჟურნალისტი დაინტერესდა, ჩახედა თუ არა პუტინმა ბაიდენს თვალებში დღევანდელ შეხვედრაზე და რა დაინახა.

„არ იყო არავითარი მტრული გარემო“ - პუტინმა ბაიდენთან შეხვედრა შეაფასა

„ბაიდენი ძალიან კონსტრუქციული, გაწონასწორებული ადამიანია, როგორც ველოდი კიდეც. ძალიან გამოცდილი. მან გაიხსენა თავისი ოჯახი, რაზე ესაუბრებოდა დედა. ეს მნიშვნელოვანია. თითქოს პირდაპირ არ უკავშირდება საქმეს, მაგრამ მისი მორალური ფასეულობების ხარისხს ავლენს. ეს ყველაფერი საკმაოდ მიმზიდველია და, ვფიქრობ, მთლიანობაში ერთ ენაზე ვსაუბრობდით. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აუცილებელია სულში, თვალებში ჩაიხედო და სამუდამო სიყვარული და მეგობრობა შეჰფიცო. ჩვენ ჩვენი ქვეყნების, ხალხების ინტერესებს ვიცავთ და ეს ურთიერთობები ყოველთვის პრაგმატული ხასიათისაა“, - აღნიშნა პუტინმა პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენის პრესკონფერენცია თბილისის დროით 21:30 სთ-ზე გაიმართება. წყარომ დელეგაციიდან „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ პრეზიდენტების მოლაპარაკებამ „სავსებით წარმატებით“ ჩაიარა.