„ქურდული სხადნიაკი" და წილების გაყოფა: ქუთაისში სამი პირი დააკავეს

ორ ბიზნესმენს შორის სადავო საკითხის გადაჭრა ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებმა გადაწყვიტეს – საქმის გარჩევა დაკავებით დასრულდა.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ქუთაისში სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს" წევრობისა და ე.წ. ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა დაკავებული წარსულში ნასამართლევი პირია.

გამოძიების ცნობით, ერთ-ერთმა დაკავებულმა შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის ფინანსური დავის შესახებ.

„ქურდული სამყარო": „გლეხოვიჩი", „ტყვლიპე“, „ვიტო“ და სხვანი – დაკავებულია 13 პირი

მან თანამზრახველებთან ერთად თვითნებურად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით, გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა. ბრალდებულებმა „ქურდული სამყაროს" მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს „ქურდული გარჩევა". ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად კი ბარის ახლანდელ მეპატრონეს ყოფილი ბიზნეს-პარტნიორისთვის და „ქურდული სამყაროს" წევრების სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დაეკისრა.

პოლიციამ ბრალდებულები სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მას შემდეგ დააკავა, რაც ბარის მეპატრონემ მათ მოთხოვნილი თანხა გადაუხადა.

სამართალდამცველებმა დაკავებულთა საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით მიმდინარეობს – „ქურდული სამყაროს" წევრობა“ და „ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობა“. დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.