ჯასტინ ტიმბერლეიკმა გაამხილა, რომ მეორე შვილი ჰყავს – ნახეთ რატომ მალავდა გოგონას

ცნობილმა მომღერალმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა საიდუმლო გაამხილა და მეორე შვილის შესახებ საზოგადოებას ამცნო.
Sputnik

მომღერალმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა და მსახიობმა ჯესიკა ბილიმ საიდუმლო გაამხილეს და საზოგადოებას მეორე შვილი გააცნეს. ჰოლივუდი ვარსკვლავური წყვილის ამ საოცარ ამბავს არ ელოდა. ჯესიკამ და ჯასტინმა შვილის დაბადების ამბავი თვეების მანძილზე საიდუმლოდ შეინახეს და მიზეზად კოვიდ-პანდემია დაასახელეს.

რამდენიმე დღის წინ 39 წლის მსახიობმა მეორე შვილზე, მშობიარობასა და კოვიდ-სიტუაციაზე გულწრფელად ისაუბრა და აღნიშნა, რომ შვილის – ფინეასის „საიდუმლოდ შენახვას“ არც ის და არც ჯასტინი არ აპირებდნენ.

„ეს ამბავი (მაშინ) საიდუმლოდ უნდა შენახულიყო. მსოფლიოში ჩვეულებრივი სიტუაცია არ ტრიალებდა. მე გავაჩინე ბავშვი და მშობლებთან მონტანაში წავედი. დიდი ხანი იქ გავატარე, უკან არ ვბრუნდებოდი“, – ამბობს ჯესიკა ბილი.

მსახიობის თქმით, კორონავირუსის გამო მშობიარობამდე შიშები ჰქონდა, არ უნდოდა პალატაში ჯასტინის გარეშე ყოფილიყო, არც ასეთ სიტუაციაში სურდა შვილის გაჩენა.

„იყო მომენტი, როდესაც სამშობიაროში არავის უშვებდნენ. ამაზე ნამდვილად ვინერვიულე, მეშინოდა მარტოობის და ჯასტინის გარეშე ამ რთული პერიოდის გავლის. იქ სულ მარტოს ნამდვილად შემეშინდებოდა“, – აღნიშნა ჯესიკამ ინტერვიუში.

მსახიობ ჯესიკა ბილისა და მომღერალ ჯასტინ ტიმბერლეიკს მეორე შვილი ფინეასი გასული წლის ივნისში შეეძინათ. წყვილს 6 წლის ბიჭი სილასიც ჰყავს. მათი სიახლე წყვილის გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მსახიობმა მთელი ეს პერიოდი ორსულობა და შვილის დაბადება საიდუმლოდ შეინახა ისე, რომ პაპარაცებმა ჯესიკა ვერსად გამოიჭირეს.

როდესაც ბილიმ იმშობიარა, 6 თვის შემდეგ, 2021 წლის იანვარში ელენ დეჯენერესის შოუში მისულმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა პირველად აღიარა მეორე შვილის არსებობა. მისი თქმით, პატარა გასაოცარია, თუმცა მის გამო ღამე არ სძინავთ. ცოტა გაუგებარია წყვილის გადაწყვეტილება, დამალული მშობიარობა და არეული ფაქტები პანდემიური ქაოსის დროს.

ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი უკვე 14 წელია ერთად არიან, აქედან 9 წელი ქორწინებაში. ცოლ-ქმარი ცდილობს ერთმანეთს არ დაშორდეს და კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის საუკეთესო კომპრომისს პოულობს. ჯესიკა და ჯასტინი საუკეთესო მეგობრები არიან. სწორედ ეს გახლავთ მათი ბედნიერი თანაცხოვრების მთავარი საიდუმლო. მათ უყვართ დროის ერთად გატარება. არ აქვს მნიშვნელობა, რითი დაკავდებიან − ყოველთვის მხიარულად მოქმედებენ.

ვარსკვლავური ოჯახი აქტიური ცხოვრების წესს მისდევს: მოსწონთ გოლფის თამაში, სნოუბორდზე დგომა, ან უბრალოდ ლაშქრობა. თავგადასავლებში ერთმანეთს არასოდეს ჩამორჩებიან, თუმცა წყვილის მთავარი ინტერესი და ვნება 6 წლის ვაჟიშვილი სილასია. ცოლ-ქმარს მშობლის სტატუსი ძალიან ხიბლავს.