თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა თბილისთან იხილავდა რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობას „ექვსის პლატფორმის“ ფარგლებში, იუწყება РИА Новости.
ერდოღანმა ბაქოში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიევთან ერთად იხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში „ექვსის პლატფორმის“ შექმნის საკითხს თანამშრომლობის გასავითარებლად. პლატფორმაში შესაძლოა შევიდნენ თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი, საქართველო და, „სურვილის შემთხვევაში“, სომხეთი.
„მე და ჩემმა ძმამ (აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა - რედ.) წამოვაყენეთ წინადადება – მოდით, შევქმნათ პლატფორმა ექვსი ქვეყნის თანამშრომლობისთვის. შევქმნათ სტაბილურობა რეგიონში. აქ არის საქართველოსა და რუსეთის მომენტი, ჩვენ ვიხილავდით საკითხს საქართველოს პრემიერთან. მე აღვნიშნე, რომ ეს საქართველოსთვის ხელსაყრელია, მოდით ეს გავაკეთოთ. გვინდა, რომ თქვენ გადალახოთ რუსეთთან არსებული სირთულეები. ვთქვი, რომ ეს კარგი იქნება. რეგიონს მშვიდობა სჭირდება“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პარლამენტში გამოსვლისას.
ოფიციალურმა თბილისმა ამას წინათ ერდოღანის ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთთან ერთობლივ საერთაშორისო ფორმატში მონაწილეობას შეუძლებლად მიიჩნევს.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა. დიალოგი ორ ქვეყანას შორის ჟენევის დისკუსიებისა და 2012 წლიდან პრაღაში მოლაპარაკების ფარგლებში მიმდინარეობს, სადაც საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი გრიგორი კარასინი ვაჭრობასთან, ტურიზმთან დაკავშირებულ, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებს იხილავენ.