აშშ-დან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „რემდესივირი“ გამოიგზავნა

ათასზე მეტ პაციენტზე გათვლილი მედიკამენტის მარაგს საქართველოს მწარმოებელი კომპანია Gilead Sciences დონაციის სახით გადასცემს.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. ორიგინალი წარმოების 10 ათასი კოლოფი ანტივირუსული „რემდესივირი“ ამერიკიდან საქართველოში გამოიგზავნა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, კომპანია „გილიადმა“ გადაწყვეტილება გამონაკლისის სახით მიიღო.

„კომპანია „გილიადს“ მივმართეთ თხოვნით და გამონაკლისის სახით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოგვეწოდება 10 ათასი კოლოფი „რემდესივირი“, თანაც არა ინდური, არამედ ბრენდის, ამერიკული, ორიგინალი წარმოების მოგვეწოდება. რამდენადაც ვიცი, ის გუშინ გამოიგზავნა ამერიკიდან და დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ექსპერტები: 3-4 კვირაში საქართველოში დომინანტი ინდური შტამი გახდება

ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში საქართველოში „რემდესივირის“ დეფიციტზე დაიწყეს საუბარი. მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ პრეპარატის მარაგი უახლოეს დროში შეივსებოდა. საქართველომ აღნიშნული პრეპარატი შეიძინა ინდოეთში, თუმცა, აღნიშნულ ქვეყანაში გართულებული კოვიდ–ვითარების გამო, პრეპარატის შემოტანის კუთხით პრობლემა შეიქმნა.

საქართველო პრეპარატის შესყიდვის თემაზე მუშაობს ეგვიპტესთანაც.

„რემდესივირი“ ნუკლეოტიდური ანალოგების კლასში ახალი ანტივირუსული პრეპარატია. შეერთებულმა შტატებმა 2020 წლის 1 მაისიდან ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა გამარტივებული წესით გასცა. ჯერ კიდევ ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს აღნიშნული პრეპარატის გამოყენების რეკომენდაცია მისცა. თუმცა, ამჟამად ამ პრეპარატს ამგვარი რეკომენდაციები აღარ გააჩნია.

ახალი პროტოკოლის მიხედვით, აღნიშნულ პრეპარატს საქართველოში ექიმის დანიშნულებით პაციენტის ჰოსპიტალური მკურნალობის შემთხვევაში გამოიყენებენ.