წულუკიანი ესტრადის წარმომადგენლებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

მინისტრისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. წულუკიანი მომღერლებს სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერას დაჰპირდა.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქართული ესტრადის წარმომადგენლებს სამინისტროს პროექტებში მონაწილეობა შესთავაზა, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განსაზღვრულია: რაზე დახარჯავს თანხებს კულტურის სამინისტრო

მინისტრმა წულუკიანმა ქართველ შემსრულებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც საუბარი შეეხო მინისტრის 3 ივნისის ბრძანებას კულტურის სფეროში დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ. აღინიშნა, რომ რეგიონებში კულტურაზე ხელმისაწვდომობის ამაღლება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

წულუკიანმა მუსიკოსებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში და რეგიონებში ტურნეები დაგეგმონ, რაც ქვეყნის მასშტაბით კულტურაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, მეორე მხრივ კი ხელოვანებისთვის პანდემიით მიყენებული ზარალის შემცირებას შეუწყობს ხელს.

ადრე თეა წულუკიანმა კულტურის სფეროში 12 პრიორიტეტული მიმართულება განსაზღვრა, რომლებიც უწყების ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ჩამონათვალში შევიდა: ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობა, ქართული თეატრისა და თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა, ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა და ა.შ.