იბადება „ახალი ტფილისი" – დედაქალაქში 93 ისტორიული შენობა გარემონტდა

თბილისის მერია იმ პროექტების პრეზენტაციას აგრძელებს, რომლებიც ბოლო სამ წელიწადში განხორციელდა, ან ამ ეტაპზე ხორციელდება.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. მასშტაბური პროექტის „ახალი ტფილისის" ფარგლებში 93 ობიექტის რეაბილიტაცია ჩატარდა, რომელთაგან 74 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე.

ობიექტების სარემონტო სამუშაოები 2018 წლიდან დაიწყო. ამ დროის მანძილზე პროექტზე დაიხარჯა 195 მლნ ლარი.

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, ძველი თბილისი დედაქალაქის განსაკუთრებული ადგილია, ამიტომაც თითოეული შენობის რესტავრაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

კალაძემ დედაქალაქში პარკების კულტურის განვითარებაზე ისაუბრა

„ეს არის ის, რითიც ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი ვამაყობთ. ამიტომაც ამ კონკრეტული ქუჩების, უბნების, შენობების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია. ამის მაგალითია ორბელიანის მოედანი, სადაც ახლა ვიმყოფებით, იგი კეთილმოწყობილი და გალამაზებულია. ასევე მიმდინარეობს გუდიაშვილის მოედნის განახლება–რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება. ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. ეტაპობრივად გვინდა ყველა იმ ქუჩის, სახლის განახლება და გალამაზება, რომელიც ამ ქალაქისთვის მნიშვნელოვანია", – განაცხადა კალაძემ.

პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის 33 ძეგლის, ათი ისტორიული სადარბაზოს და ერთი ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია.

დასრულდა ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომლის ღირებულებამ დაახლოებით 700 ათასი ლარი შეადგინა. „თბილისის განვითარების ფონდს" უკვე მომზადებული აქვს ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის ღირებულება დაახლოებით 10 მლნ ლარს შეადგენს და შესაბამისი ფინანსური რესურსის მოძიების შემდეგ აღნიშნული სამუშაოები დაიწყება.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა ორბელიანის მოედანზე და მიმდებარე ქუჩებზე მდებარე 22-მდე შენობის სარესტავრაციო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთაგან 13-ს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზაარბრიუკენის და ე.წ. მშრალ ხიდებს, დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსს, დედაენისა და 9 მარტის ბაღებს.

თბილისის მერია ბავშვთა გასართობ ცენტრებს დაეხმარება

ამჟამად მიმდინარეობს გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარედ არსებული 30-მდე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათ შორის 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

„ახალი ტფილისის" ფარგლებში ასევე მიმდინარეობს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია–რესტავრაცია. პროექტის ბიუჯეტი 3,3 მლნ ლარია და მის დაფინანსებაში ფრანგული მხარეც მონაწილეობს. მიმდინარე პროექტების რიცხვშია ასევე რუსთაველის გამზირზე მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.

რამდენიმე დღეში იგეგმება ჯოვანი სკუდიერის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის, ასევე ე.წ. მხატვრების პავილიონის კეთილმოწყობის სამუშაოების დაწყება.

პროექტი „ახალი ტფილისი" დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში „გერმანული ბაღების" აღდგენასაც ითვალისწინებს, რომლებიც XIX საუკუნეში 100 ჰექტარზე იყო გადაჭიმული. ამას გარდა, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 47 სახლს, რომელთა ძირითადი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული, სრული რესტავრაცია ჩაუტარდა.

თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირი კეთილმოწყობილ ტერიტორიად მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან იქცა. 2010 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ქუჩის ნაწილის რესტავრაცია ჩაატარა, შემდეგ კი დედაქალაქის მერია რეაბილიტაციის ახალი პროექტის განხორციელებას შეუდგა.

2016 წელს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა გამზირის იმ ნაწილის აღდგენა დაეწყო, რომელიც პირველ ეტაპზე ვერ მოხვდა სარესტავრაციო არეალში.