თბილისის მეტრომ მუშაობა განაახლა

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროისათვის პრობლემა მოგვარებულია. მეტროს სადგურები მგზავრებმა უსაფრთხოდ დატოვეს.
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო 14:00 საათიდან თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა, ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის მეტროში ტექნიკური ხარვეზი აღმოიფხვრა

დღეს დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემ ხაზზე „იმერეთი 500“ ავარია მოხდა, რის გამოც თბილისისა და რეგიონების დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ავარიული გათიშვა ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მოხდა.

კომპანიის ინფორმაციით, 14:35 საათიდან, ძაბვის ვარდნის გამო, მუშაობა ზონალურად შეფერხდა მეტროს პირველ ხაზზეც. მატარებლები მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ მხოლოდ „დიდუბის“ სადგურამდე მოძრაობდნენ.

„შეფერხების გამო არც ერთი მატარებელი გვირაბში არ გაჩერებულა და მეტროს სადგურები ყველა მგზავრმა უსაფრთხოდ დატოვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, ამ ეტაპზე ძაბვის მიწოდება აღდგენილია და მეტროს ორივე ხაზი შეფერხების გარეშე მუშაობს. 15:00 საათიდან თბილისის მეტროს ყველა სადგური გაიხსნა.

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზისა 40 კილომეტრია, ხოლო მეორე ხაზის – 17 კილომეტრი.