რომელი წარმოების და რა რაოდენობის ვაქცინებს ელოდება საქართველო: უწყების განმარტება

ქვეყანაში სხვადასხვა დასახელების ვაქცინების ახალი დოზები ივლისიდან შემოვა, საუბარია ჯამში დაახლოებით 3,2 მლნ დოზა ვაქცინაზე.
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოში უახლოეს პერიოდში ექვსი კომპანიის ვაქცინა შემოვა, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.

ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში საქართველო სხვადასხვა კომპანიისგან 3 200 ათას დოზა ვაქცინას მიიღებს. კერძოდ, ქვეყანაში შემოვა ჯანმოს მიერ აღიარებული Pfizer, Sinopharm, Sinovac, Novovax, Jonson&Jonson-ის ვაქცინები. უკვე ივნისში ქვეყანა მიიღებს AstraZeneca-ს 43 ათას დოზას.

თქვენი რიგია, ექიმო – თბილისში მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყო

„ვაქცინაცია – სწორი გადაწყვეტილებაა იმისთვის, რომ კორონავირუსისგან დავიცვათ საკუთარი თავი, ოჯახი და საზოგადოება. ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის რისკს. იგი ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა იმისთვის, რომ პანდემია დავამარცხოთ“, – აღნიშნავენ უწყებაში.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 206.742 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 60 ათასზე მეტი ადამიანი.