ვაკანსიები შშმ პირებისთვის: ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება

ფორუმის მიმდინარეობისას შშმ პირები არსებულ ვაკანსიებს გაეცნობიან და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას დაამყარებენ.
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება, ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოში შშმ პირის სტატუსის მინიჭების წესი იცვლება

ფორუმი, რომლის სლოგანია „შენ შეგიძლია!“, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით და ქუთაისის მერიისა და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით ჩატარდება.

სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია 14 ივნისს 12:30 საათზე დაიწყება, ფორუმი კი ოქროს ჩარდახის ტერიტორიაზე 13:00-დან 16:00 საათამდე გაგრძელდება (ცისფერყანწელების №9).

ფორუმზე დასაქმების მსურველ შშმ პირებს 22 საშუალო და მსხვილი კომპანია 100-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს.

„წარმოდგენილი იქნება შრომის ბაზარზე არსებული სამუშაო ადგილები სხვადასხვა სფეროებიდან, მათ შორის: სამომხმარებლო, გაყიდვების, სადაზღვევო, კვების წარმოებისა და ვაჭრობის სფეროებიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ფორუმის მიზანს შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. იგი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის.

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღე 2003 წლიდან აღინიშნება.