ნატოს გენერალური მდივანი: საქართველოს ალიანსში გაწევრიანების თარიღი არ განიხილება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი ბრიუსელში ორშაბათს მოკავშირე ქვეყნების ლიდერების ფიზიკური მონაწილეობით იმართება.
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველო ნატოს წევრი გახდება, მაგრამ გაწევრიანების თარიღზე დღეს არ ვსაუბრობთ, განაცხადა ბრიუსელში მარშალის ფონდის ფორუმზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

რატომ არ მიიწვიეს საქართველო ნატოს სამიტზე

„მჯერა, რომ ნატოს მოკავშირეები კვლავ დაადასტურებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენ მანამდე მივიღეთ, მათ შორის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, სადაც ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, თუმცა კონკრეტული თარიღი განსაზღვრული არ ყოფილა და თარიღზე საუბარი დღესაც არ იქნება. ჩვენ ფოკუსირებული ვართ რეფორმებზე, საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელებაზე, მისი თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერებაზე. გზავნილი არის, რომ ნატოს კარი ღიაა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა საგზაო რუკის შემუშავება საქართველოსთვის უახლოეს მომავალში, იენს სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ნატოს კარი ღიაა, თუმცა კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ იგეგმება.

საქართველო და ნატო

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო გახდა მონაწილე პროგრამისა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“.

2004 წლიდან საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობამ უფრო ინტენსიური ხასიათი შეიძინა, 2011 წელს კი მიიღო „ნატოს ასპირანტი ქვეყნის“ სტატუსი. 2014 წლის უელსის სამიტზე დამტკიცდა ღონისძიებების პაკეტი, რომლებიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისკენ სწრაფვას შეუწყობდა ხელს.

ნატოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა, მაგრამ ორგანიზაციაში ქვეყნის შესაძლო გაწევრიანების ვადები არ სახელდება.

რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერებით და ამ ალიანსის თავისი საზღვრების მიმართულებით გაზრდის. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, შეერთებული შტატებისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების ძალისხმევა საქართველოს მილიტარიზაციის კუთხით რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. უფრო მეტიც, ის საქართველოს უსაფრთხოებას არ ამტკიცებს.