თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტი პირველად დააფიქსირებს ერთიან პოზიციას ჩინეთის მიმართ, რის თაობაზეც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა სამიტის დაწყების წინ.
„ნატოს არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია მარტო აღუდგეს წინ ჩინეთის მხრიდან უსაფრთხოების გამოწვევებს. ამიტომ ალიანსი პირველად გამოაცხადებს პეკინის მიმართ ერთიან პოზიციას“, — თქვა მან ბრიფინგზე.
ამასთან სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი არ აპირებს ცივი ომის დაწყებას პეკინის წინააღმდეგ და მზადაა ითანამშრომლოს მასთან ისეთ საკითხებში, რომლებიც ორმხრივ ინტერესებში შედის, მათ შორის, შეიარაღებაზე კონტროლის საკითხში.
მანამდე თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სტრატეგიული კონცეფციის გადახედვას აპირებს რუსეთისა და ჩინეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. კიდევ უფრო ადრე, 11 ივნისს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის ლიდერები სამიტზე, გარდა რუსეთისა და ჩინეთის საკითხებისა, ასევე იმსჯელებენ საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის თემაზე.