აჭარაში ტურისტულ სფეროში დასაქმებულთა ვაქცინაცია დაიწყო

აჭარა ტურისტული სეზონის გახსნისთვის ემზადება, რეგიონში არსებულმა კვების და განთავსების ყველა ობიექტმა დანერგა ის სტანდარტები, რომლებიც სტუმრების უსაფრთხო მასპინძლობისთვისაა საჭირო.
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. აჭარის რეგიონში ტურისტული სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ერთი დღით ადრე კულტურისა და ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო.

აღნიშნულ პირთა იმუნიზაცია ჩინური პრეპარატ Sinovac-ით ხორციელდება.

პირველ ეტაპზე აცრას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები გაიკეთებენ, შემდეგ კი მასობრივი პროცესი დაიწყება. მოსალოდნელია, რომ ივლისიდან აჭარაში დღეში 2,5 ათასამდე ადამიანის აცრა მოხდება.

აჭარაში საზღვაო სეზონი იხსნება – ღონისძიებების პროგრამა

„ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია, განსაკუთრებით კი ჩვენი რეგიონისთვის, ძალზე მნიშვნელოვანია. ამ დროისათვის აჭარაში ყოველდღიურად აცრას 800-მდე ადამიანი იკეთებს, ივლისიდან კი აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2,5 ათასს უნდა მიაღწიოს. სამედიცინო ცენტრების გარდა, რეგიონში ვაქცინაციისთვის სპეციალური კაბინეტები გაიხსნება", – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარაში 15 ივნისიდან ტურისტული სეზონი იხსნება. პანდემიის დაწყებიდან პირველად რეგიონი უცხოელ ვიზიტორებს უმასპინძლებს. ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ბათუმში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორისაა ფრანების შოუ, მოძრაობის თეატრის პანტომიმა, ავიაშოუ და სხვ.

კორონავირუსის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად ტურიზმის სფერო დაზარალდა. 2019 წელს საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ ტურიზმის სფეროში, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 ათას დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა - 1,7 მილიონამდე.