საეკლესიო კალენდარი: 13 ივნისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივნისს მოციქული ერმის, 70-თაგანის, მოწამე ერმეიოსის და  მოწამე ფილოსოფოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოციქული ერმი - სამეოცდაათთაგანი 

წმიდა მოციქული ერმი - სამეოცდაათთაგანი (I) იყო ფილიპოპოლის ეპისკოპოსი. მას წმიდა პავლე მოციქული მოიხსენიებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 16,14). ქრისტეს აღსარებისათვის მოციქულმა მრავალი დევნა დაითმინა წარმართებისაგან. აღესრულა მშვიდობით.

წმიდა მოწამე ერმეიოსი

წმიდა მოწამე ერმეიოსი (II) კომანში აღესრულა იმპერატორ ანტონინე პიუსის (138-161) დროს. კაბადოკიაში ჩასულმა იმპერატორის მოხელემ, სებასტიანმა მას კერპთა თაყვანისცემა მოსთხოვა და სანაცვლოდ დიდება და პატივი აღუთქვა. მხცოვანმა მხედარმა თამამად აღიარა ქრისტიანობა, განრისხებულმა სებასტიანმა დანით გამოჭრა ყელი ქრისტეს აღმსარებელს. ქრისტიანებმა მალულად დამარხეს წმიდა მოწამის ნეშტი.

წმიდა მოწამე ფილოსოფოსი

წმიდა მოწამე ფილოსოფოსი (III) ქრისტესთვის აღესრულა ალექსანდრიაში იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს. მას აიძულებდნენ ქრისტეს უარყოფას და როცა ვერაფერს გახდნენ, გადაწყვიტეს სიძვის ცოდვაში ჩაეგდოთ ჭაბუკი: აყვავებულ ბაღში შებორკილი დატოვეს როსკიპ ქალთან ერთად. ცოდვით რომ არ დაცემულიყო, წმიდანმა ენა მოიკვნიტა და აუტანელი ტკივილით დაიცვა თავი ხორციელი ვნებისგან, შემდეგ გასისხლიანებული ენა სახეში შეაფურთხა მეძავს. მოწამის უშიშრობით და მხნეობით განრისხებულმა ჯალათებმა წმიდა ფილოსოფოსს თავი მოჰკვეთეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.