მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

13 ივნისის სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. დაიღუპა დაახლოებით 300 ცხოველი
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მემორიალთან იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკი მამუკა სეფიაშვილი და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, სამოქალაქო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი ოთარ კერესელიძე.

ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისის მოვლენების დროს ერთ-ერთი პირველი იყო იმ მაშველთაგან, ვინც სტიქიის ეპიცენტრში გამოცხადდა. სამაშველო ოპერაციის მსვლელობისას მან 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

2015 წლის 13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი და ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. დაიღუპა დაახლოებით 300 ცხოველი.

მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ოფიციალური ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოსვლამ ვერეს ხეობაში წყალდიდობა და გამანადგურებელი პროცესები გამოიწვია. მოვარდნილმა ღვარცოფმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. 

ზარალმა დაახლოებით 90 მილიონი დოლარი შეადგინა.