ცესკო: ახალმა პარტიებმა ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგისტრაცია 14 ივლისამდე უნდა გაიარონ

ადგილობრივი არჩევნები საქართველოში ოქტომბერში ჩატარდება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილობრივი საკრებულოების წევრებს.
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. იმ პარტიებმა, რომლებსაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში რეგისტრაცია 14 ივლისამდე უნდა გაიარონ, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე.

ადგილობრივი არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება. ქალაქებისა და რაიონების მოსახლეობა აირჩევს მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილობრივი საკრებულოების წევრებს.

ცესკომ არჩევნების ელექტრონული მოდელი გატესტა: პარტიები კმაყოფილი არიან

ცესკო შეახსენებს პარტიებს, რომ თუ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მათ რეგისტრაცია არ გაუვლიათ ან პარლამენტში არ ჰყავთ საკუთარი წარმომადგენელი, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განცხადებით უნდა მიმართონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარეს 14 ივლისამდე.

დანარჩენ პარტიებს განცხადებები შეაქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.

რაც შეეხება ახალ პარტიებს, ისინი ვალდებული არიან პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინონ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის სია. ასევე ამონაწერი რეესტრიდან პარტიის რეგისტრაციაზე.