ძველ საწარმოს ახალი სიცოცხლე - რაში დაეხმარა „იმერს“ სახელმწიფო

ქუთაისის ერთ-ერთი უძველესი სამკერვალო ფაბრიკა დღეს პროდუქციას ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის კერავს, როგორიცაა Lebek,  Joy Lucy და Marks&Spencer.
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. ქუთაისის ერთ-ერთ უძველეს საწარმო „იმერს“, რომელიც 90 წლის არის, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ახალი სიცოცხლე მიეცა,  განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

სამკერვალო კომპანია „იმერი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია 2016 წლის დეკემბრიდან. საწარმო ორიენტირებულია პალტოების, ლაბადების და ტრიკოტაჟის ნაწარმის დამზადებაზე.

„პროგრამაში მონაწილეობით მოხდა საწარმოს გადაიარაღება. დღეს „იმერი“ წარმოებული პროდუქციის უდიდეს ნაწილს ექსპორტზე გზავნის, საწარმოში კი 400 ადამიანია დასაქმებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველო პანდემიით დაზარალებული საწარმოების დასახმარებლად 85 მლნ ევროს მიიღებს

ეკონომიკის მინისტრი ქუთაისში სამკერვალო საწარმო „იმერის“ საწარმოო პროცესს გაეცნო.

მინისტრს საწარმოს მფლობელმა მაია სიმონიძემ მიაწოდა ინფორმაცია განვითარების გეგმებისა და ახალი საერთაშორისო პარტნიორების შესახებ.

„იმერში“ უკვე მზადდება პროდუქცია ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორიცაა გერმანული Lebek და Joy Lucy, აგრეთვე ბრიტანული Marks&Spencer.

2016 წელს საწარმო გაფართოვდა, რამაც კომპანიას მისცა საშუალება უფრო მეტი დასავლელი პარტნიორი ჰყოლოდა. ჯამურმა ინვესტიციამ 315 ათასი ევრო შეადგინა. ინვესტიციის შედეგად საწარმოში 170 სამუშაო ადგილი შეიქმნა. მთლიანად, საწარმოში 400 ადამიანია დასაქმებული. საწარმოს პროდუქცია თითქმის მთლიანად ექსპორტზე გადის.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.