თბილისში iPlus-ის მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე 17 წლის მოზარდი დააკავეს

არასრულწლოვანი დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს, 12 ივნისს შიდა ქართლში დააკავეს. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია iPlus-ის გაქურდვის ფაქტზე შიდა ქართლში 2004 წელს დაბადებული მოზარდი დააკავეს, ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

90 ათას ლარამდე ზარალი – თბილისში iPlus-ის მაღაზია გაქურდეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ივნისს ჩაამსხვრია მაღაზიის ფასადის ვიტრინა, შევიდა სავაჭრო ობიექტში და მობილური ტელეფონები მოიპარა.

მაღაზიის დირექტორის თქმით, ზარალის სავარაუდო ოდენობამ დაახლოებით 90 ათასი ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, შიდა ქართლში დააკავეს.

ნაქურდალი ტელეფონების ნაწილი ამოღებულია ​ნივთმტკიცებად.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.