თბილისში ექვსი წლის წინ მომხდარი ტრაგედია გაიხსენეს

სვანიძის ქუჩაზე დაღუპულთა მემორიალთან დილიდან მივიდნენ პოლიტიკოსები, მეხანძრე-მაშველები, დაღუპულთა ახლობლები და რიგითი თბილისელები.
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. თბილისში 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი საშინელი ტრაგედია ექვსი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

დღეს დილიდან ისეთივე ნაცრისფერი ღრუბლები იყო თბილისის თავზე, როგორც იმ ავბედით დღეს.

თბილისის ტრაგედია – წყალდიდობა, ნგრევა და მსხვერპლი

2015 წლის 13 ივნისს წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, რომლის ყველა ბინადარი დაიღუპა. ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. დაიღუპა დაახლოებით 300 ცხოველი. 200 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

გადარჩენილ ცხოველებს მთელი ქალაქის მასშტაბით ეძებდნენ. ბევრის დაძინება გახდა საჭირო. 17 ივნისს ერთ-ერთი გაქცეული ვეფხის თავდასხმას შემთხვევითი გამვლელი შეეწირა.

სვანიძის ქუჩაზე დაღუპულთა მემორიალთან დღეს დილიდან მივიდნენ პოლიტიკოსები, მეხანძრე-მაშველები, დაღუპულთა ახლობლები და რიგითი თბილისელები.

პირველები მემორიალთან მივიდნენ მაშველები, რომლებმაც იმ ღამეს თავისი თანამშრომელი დაკარგეს. 37 წლის ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისის მოვლენების დროს ერთ-ერთი პირველი იყო იმ მაშველთაგან, ვინც სტიქიის ეპიცენტრში გამოცხადდა. სამაშველო ოპერაციის მსვლელობისას მან 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. თბილისის ერთ-ერთი ქუჩა ახლა მის სახელს ატარებს.

ზურაბ მუზაშვილი – ჩვენი დროის გმირი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 13 ივნისი დიდი ტრაგედიაა, რომელმაც ბევრი ადამიანი შეიწირა, მეორეს მხრივ კი ამ სიტუაციამ მთელი საზოგადოება გააერთიანა.

„ეს დღე ყველას კარგად გვახსოვს. ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ დღეს, 13 ივნისს შეეწირა ჩვენი არაერთი მოქალაქე. დღეს გამოვხატავთ მათი ხსოვნის წინაშე პატივისცემას, პატივს მივაგებთ. მინდა, მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ ​მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია. მეორე მხრივ, კარგად გახსოვთ, რომ ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი ჩვენი საზოგადოება, ხალხი, ერი, ჩვენი ახალგაზრდობა. არნახული, წარმოუდგენელი სოლიდარობა გამოხატეს მაშინ ჩვენმა ახალგაზრდებმა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო ასევე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„13 ივნისი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. ეს არის დღე, რომელიც ჩვენს დედაქალაქს ყოველთვის ემახსოვრება. სამწუხაროა, რომ დავკარგეთ ბევრი ადამიანი და კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ამ ადამიანების ოჯახებს, ახლობლებს“, - განაცხადა კალაძემ.

ტრაგედიიდან მეორე დღეს ქალაქის ცენტრი გაივსო მოგლეჯილი ხეებით და ტალახით. ქუჩების გაწმენდის სურვილი ათი ათასმა მოხალისემ გამოთქვა, რომლებსაც „ბოტების თაობა“ შეარქვეს.