თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან ექვსი წელი გავიდა

იმ ტრაგედიის შედეგების აღმოსაფხვრელად უამრავი ახალგაზრდა გაერთიანდა და სოლიდარობის ძლიერი მაგალითი მისცა ყველას.
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. თბილისში ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, 13 ივნისის მემორიალთან 2015 წლის 13 ივნისს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდა.

თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან ექვსი წელი გავიდა

პანაშვიდს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. მათ 13 ივნისის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

2015 წლის 13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი და ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სტიქიამ 200-მდე ოჯახი დააზარალა.

თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან ექვსი წელი გავიდა

 

სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ქალაქის ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის ზოოპარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი სტიქიამ იმსხვერპლა. ზოგიერთი ცხოველი, მათ შორის მტაცებლები, ქუჩაში აღმოჩნდნენ. მტაცებლების ნაწილის დაძინება და მუნიციპალურ თავშესაფარში დაბრუნება შეძლეს, ნაწილის კი ლიკვიდაცია გახდა საჭირო.

თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან ექვსი წელი გავიდა

 

ოფიციალური ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოსვლამ ვერეს ხეობაში წყალდიდობა და გამანადგურებელი პროცესები გამოიწვია. მოვარდნილმა ღვარცოფმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. თითქმის მთლიანად დაიტბორა „მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია.

თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან ექვსი წელი გავიდა

 

ზარალმა დაახლოებით 90 მილიონი დოლარი შეადგინა.