გამყრელიძე: საქართველომ კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი გადაიარა

ეპიდსიტუაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მშვიდდება და ამას ყველა მისი პარამეტრი მოწმობს, განაცხადა ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. ქვეყანამ გადაიარა კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი, ახლა არის „პლატოზე“ და დაღმა სვლა ფიქსირდება, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყების შესახებ ეპიდემიოლოგებმა 11 აპრილს განაცხადეს.

„ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, ანუ მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ უკვე მთლიანად ქვეყანაში, მათ შორის, აჭარაშიც. ეპიდსიტუცია მშვიდდება მთლიანად ქვეყანაში და მისი ყველა პარამეტრი, როგორიც არის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რამდენი დაუჯდა საქართველოს ბიუჯეტს კორონავირუსის პანდემია

მისი თქმით, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, რადგან პანდემია გრძელდება.

„პანდემიის დასრულების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ აცრებზე. ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით არის 1,7 მილიონი ადამიანის აცრა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მან მოუწოდა მოსახლეობას ატარონ პირბადეები და აქტიურად გაიკეთონ აცრები.

„თუ დავიცავთ რეგულაციებს და ავიცრებით, მაშინ მეოთხე ტალღა, დიდი ალბათობით, შეიძლება არ იყოს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 695-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 352.649-ს მიაღწია. სულ აცრილია 197.114 პირი.